„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა დროებითი განჩინების მიღება. განჩინებით ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან.
„მათ შორის, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაში მონაწილეობა; პარლამენტისთვის არჩევნების შედეგების შეტყობინება და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიისთვის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა. საჩივარში დამატებით მოთხოვნილია საქმეზე სამართალწარმოების შეჩერება საქართველოს პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელიც შეეხება არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას“, – წერს საია.
19 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა.
საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ საკითხი გასაჩივრებულად ითვლება სარჩელის წარდგენის მომენტიდან და კანონში არ არის დათქმა, რომელიც სარჩელის გასაჩივრებულად მიჩნევა არმიჩნევის საკითხის სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
„მოცემულ შემთხვევაში, სარჩელს გავლილი აქვს უკვე რეგისტრაციის ეტაპი და სანამ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუშვებლობის (რისი საფუძველიც ამ სარჩელთან მიმართებით არ არსებობს) შესახებ ან განსახილველად მიღების შემთხვევაში – არ გადაწყდება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა, პარლამენტს არ აქვს უფლება, ცნოს დეპუტატების უფლებამოსილება. პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ლოდინის ვადა ჩაირთო სარჩელის წარდგენიდან“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.