საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.

„საიამ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა არაერთი საჩივარი, რომლითაც ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ უბნის (2263) ამ უბნების შედეგების ბათილად ცნობას ვითხოვთ და ეს არის ის უბნები, რომლებშიც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

სიას მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ამ უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.

საია დავობს რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საიაში მიუთითებენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება.

„ეს გარანტია იცავს საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებსაც, როგორებიცაა, უფლების განხორციელების ინსტრუმენტული საშუალებები: ბიულეტენი, და, საარჩევნო ყუთი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხმის მიცემის აბსოლუტური ფარულობა დაცული უნდა იყოს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის, ბიულეტენის მოთავსების მომენტში.

ფარულობის პრინციპის დარღვევა, ასევე, არღვევს ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმადაც, ‘მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას’. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ეს მუხლი კონვენციისა და დამატებითი ოქმების სხვა ფუნდამენტური უფლებებისგან განსხვავდება იმით, რომ, იგი აწესრიგებს მაღალი ხელშემკვრელი მხარისთვის ვალდებულებას, ჩაატაროს ისეთი არჩევნები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანების მიერ ნების თავისუფალ გამოხატვას.

მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე. მიუხედავად ამისა, ამ უფლების დაცვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ („ცესკო“) ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს. კერძოდ, „ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპებს“.

ორგანიზაციაში საუბრობენ, რომ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

საიას ცნობით, 2024 წლის 28 სექტემბრის წერილით №01-01/1607 საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. თუმცა, ეს პირობა ვერ შესრულდა.

ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბების და სისტემურობის გათვალისწინებით, საიამ ასევე მიმართა პროკურატურას ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.