საია: ზვიად ხარაზიშვილი ავრცელებს ძალადობის მუქარას, რასაც წამახალისებელი ეფექტი აქვს

პუბლიკა

საია შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის იგივე „ხარებას” განცხადების „მე ვცემ არაკაცებს, სია გვაქვს” შემდეგ მიმართავს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ განცხადების შემდეგ სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობა უფრო წახალისდება.

საიას განცხადებით, საგანგაშოა, რომ შსს მაღალჩინოსანი, რომელსაც მნიშვნელოვანი საპოლიციო ფუნქცია აკისრია, „საჯაროდ ავრცელებს ძალადობრივი პრაქტიკების მუქარას”.

საია მოუწოდებს შსს, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება და აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, თქვას უარი ძალადობრივ და ადამიანის უფლებების დამრღვევ პრაქტიკაზე.

ასევე, ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს გდდ-ის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები. და ორგანიზაცია ითხოვს საგამოძიებო სამსახურისგან „ხარებას” გამოკითხვაზე დაბარებას და მისი განცხადების საპასუხოდ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

„2024 წლის 28 მაისს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ სპეცრაზმი მოქალაქეებს სცემს და ამისთვის წინასწარ შედგენილი სია არსებობს (“მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. Სია გვაქვს…”). საგანგაშოა, რომ შსს მაღალჩინოსანი, რომელსაც მნიშვნელოვანი საპოლიციო ფუნქცია აკისრია, საჯაროდ ავრცელებს ძალადობრივი პრაქტიკების მუქარას. ამას, ცხადია, სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის წამახალისებელი ეფექტი აქვს.

აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლება უკანონო და ადამიანის ღირსების შემლახავ, ძალადობრივ მეთოდებს მიზანმიმართულად იყენებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ რუსული კანონის ინიცირების შემდეგ, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპრყობის არაერთ შემთხვევას.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მსგავს შემთხვევებს ადეკვატურ სამართლებრივ კვალიფიკაციას არ აძლევს და გამოძიებას ყოველთვის სსკ-ის 333-ე მუხლით წარმართავს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მოვუწოდებთ:

შსს-ს – უარი თქვას ძალადობრივ და ადამიანის უფლებების დამრღვევ პრაქტიკაზე, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება და დემონსტრანტების ფიზიკური უსაფრთხოება.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს – არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები. შევახსენებთ მათ, რომ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულების შესრულება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, რაც, მათ შორის, გამოიხატება ძალადობის შემთხვევებისთვის სწორი კვალიფიკაციის მიცემაში. გამოკითხოს, ასევე, ზვიად ხარაზიშვილი და ჩატარდეს მისი განცხადების საპასუხოდ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

 

დღეს პარლამენტთან შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის [ე.წ. სპეცრაზმის] დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა იგივე „ხარებამ” ტვ პირველის ჟურნალისტს უთხრა, რომ „ის არ სცემს ახალგაზრდებს, სცემს არაკაცებს და აქვს შესაბამისი სიაც”.

ასევე, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა „ხარებას” აქციებზე ნაცემი ენმ-ს ლიდერი და აქტივისტი, დავით ქაცარავა გაახსენეს, ზვიად ხარაზიშვილმა თქვა, რომ „არავინ არავის სცემს, ყველა საკუთარ თავს იცემს, ხაბეიშვილს კი უარესი..”, რის შემდეგაც არ ისმის სიტყვა, რომელსაც ხარება ამბობს ჟურნალისტთან.

შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ პარლამენტთან იმყოფება, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 11:00 საათიდან მივიდნენ, აპროტესტებენ რუსულ კანონს, პარალელურად სესიისა, სადაც „ოცნება” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.