„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ცნობით, ეუთოს ადამიანური განზომილების მექანიზმის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მდგომარეობაზე ინფორმაცია წარადგინეს.
როგორც საიას განცხადებაშია ნათქვამი, საიას მიერ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში წარდგენილი ინფორმაცია საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს ეხება, მათ შორის, „შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების, წამების აკრძალვის, პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს სისტემის გამოწვევებისა და რეპრესიული კანონშემოქმედების შესახებ“.
საერთოდ ჯამში, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, წარადგინეს 7 თემატური ანგარიში და შესაბამისი წყაროები.
„მოსკოვის მექანიზმისთვის წარდგენილი ინფორმაცია მიმოიხილავს როგორც 2024 წლის გაზაფხულის აქციების ძალადობრივ დარბევას, არასათანადო მოპყრობის შემთხვევებსა და უსაფუძვლო დაკავებებს, ასევე 2024 წლის ნოემბრის შემდგომ გამოვლენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემურ პრაქტიკას, დაუსჯელობის კულტურასა და არაეფექტიან გამოძიებებს. კომუნიკაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს წყლის ჭავლში ქიმიური საშუალებების შერევის არაპროპორციულ და საფრთხისშემცველ პრაქტიკაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე.
კომუნიკაცია დამატებით აანალიზებს 2024 წლის შემდგომ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მედიის რეგულირების გამკაცრებას, კრიმინალიზაციის მიზნით ახალი სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული რეგულირებების შემოღებას, მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
კომუნიკაციაში ასევე გაანალიზებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და მათი დამანგრეველი გავლენა გაერთიანების თავისუფლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე. ხაზგასმულია, რომ ამჟამად ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები იწვევს სამოქალაქო აქტივობის ფაქტობრივ კრიმინალიზებას და სამოქალაქო საზოგადოების გაქრობისაკენ არის მიმართული.
საიას მიერ წარდგენილი ინფორმაცია მოიცავს შვიდ მცირე თემატურ დოკუმენტს, რომლებიც ეფუძნება ორგანიზაციის კვლევებსა და შეფასებებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. თითოეული დოკუმენტი შეიცავს საიას მიერ გამოქვეყნებული რელევანტური პუბლიკაციების ჩამონათვალს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
განცხადებას ვრცლად გაეცანით ბმულზე.