საიამ ივანიშვილის დაცვის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საჩივარი დაწერა

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბრიფინგი გამართა, სადაც ამ დროისთვის არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

“როდესაც ბიძინა ივანიშვილი აძლევდა ხმას, ამ დროს უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები – მისი დაცვა. მის დაცვას არ ჰქონდა უბანზე ყოფნის უფლება.

ამის თაობაზე საჩივარი დავწერეთ, აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი მრავალი წელია მეორდება”. – აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.

საიას ცნობით, 11:00-ისთვის 6 საჩივარი მოამზადა და 4 შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში:

– მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება;

– საბურთალოს 33-ე უბანზე სხვადასხვა ფუნქციის გამოსავლენი წილისყრა ჩატარდა ერთად. Ეს შემთხვევა საიამ საოლქო საარჩევნო კომისიაშიც გაასაჩივრა;

– მარტვილის მე-13 უბანზე არასათანადოდ ჩატარდა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენი წილისყრის პროცედურები. მას შემდეგ, რაც პირველად გამოვლენილ კომისიის წევრს არ მისცეს საშუალება, ყუთს გაჰყოლოდა, თავიდან ჩაატარეს წილისყრა და მათთვის სასურველ კომისიის წევრს შესაბამის ფურცელზე მიანიშნეს;

– ზუგდიდის მე-16 უბანზე, მას შემდეგ, რაც წილისყრით გამოვლენილმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებაზე, თავმჯდომარემ ის პარტიის მიერ დანიშნული წევრით ჩაანაცვლა. ამ შემთხვევის ორივე ეპიზოდი გასაჩივრდა საუბნო და საოლქო საარჩევნოკომისიებში;

– ბათუმის მე-9 უბანზე ბიულეტენების პაკეტი დაულუქავ მდგომარეობაში მიიტანეს;

– ვაკის 41-ე უბნის პერიმეტრზე 25 მეტრის რადიუსში „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის არსებობის გამო საიამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის საფუძველზეც შედგა რეაგირების ოქმი.

გარდა ამისა, Საიას დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების, ფარულობის დარღვევისა და ნების კონტროლის მიმართულებით არსებული დარღვევები.

საიას განცხადებას გაეცანით ბმულზე.


დღეს, 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურები იმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.