ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა, სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის კამპანია და სხვა დარღვევები საიას ანგარიშში

პუბლიკა

საიამ გრძელვადიანი სადამკვრვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ანგარიში მოიცავს 27 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდს.

საიას ცნობით, საანგარიშო პერიოდშიც კვლავაც გრძელდებოდა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანია, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რაც უარყოფითად აისახება წინასაარჩვნო გარემოზე. შენარჩუნებულია პოლარიზაცია და მისი თანმდევი გამოვლინებები.

მათი შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები, კანონის არასწორი განმარტებით, თვითნებურად გაეფართოვებინა საკუთარი მანდატი და გაევრცელებინა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ბიუროს მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და დისკრედიტაცია.

ასევე, საანგარიშო პერიოდში საიამ აღრიცხა:

– „წინასაარჩევნო კამპანიისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის დაბრკოლების შექმნის 2 ფაქტი.

– ფიზიკური ძალადობის – 4, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სხვისი ნივთის დაზიანების – 2 და სააგიტაციო მასალის დაზიანების 2 შემთხვევა. ასევე, თვითნებური დაკავების 1 ფაქტი.

მათ უმეტესობას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ მოჰყოლია მყისიერი და მიუკერძოებელი რეაგირება, რაც ეფექტიან გამოძიებასა და, საჭიროების შემთხვევაში, დამნაშავისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში უნდა გამოიხატებოდეს.

ასევე, პრობლემური იყო მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. საიამ შესაძლო მოსყიდვის 1 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 სავარაუდო ფაქტი აღრიცხა. ზოგ შემთხვევაში იშლებოდა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რასაც მმართველი პარტია ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციისთვის იყენებდა.

საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების 3 შემთხვევა.

საიამ საანგარიშო პერიოდში უარყოფითად  შეაფასა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2 გადაწყვეტილება. მათგან ერთი შეეხებოდა საარჩევნო პოლიტიკურ რეკლამაში სიძულვილის ენის გამოყენებას, ხოლო მეორე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პოლიტიკური რეკლამების სატელევიზიო სივრცეში განთავსების აკრძალვას. ორგანიზაციის აზრით პრობლემური იყო როგორც ნორმების  ინტერპრეტაცია, ასევე ფაქტების გამოკვლევისას გამოვლენილი ზედაპირულობა“.

საია ასევე აწარმოებს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის წერილებზე საჯარო უწყებების რეაგირების მონიტორინგს.

„მისიის განმავლობაში ორგანიზაციამ  საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით სხვადასხვა საჯარო უწყებას მიმართა 148-ჯერ. 43 შემთხვევაში ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე პასუხი არასრულყოფილი იყო. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა აფერხებს საიას სადამკვირვებლო მისიას, განახორციელოს წინასაარჩვნო პროცესების ეფექტიანი მონიტორინგი.

აგრეთვე, 18 ოქტომბერს საია აკვირდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა წილისყრის პროცედურებს თბილისსა და რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ წილისყრის პროცედურის გამართვის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციას ეცნობა 17 ოქტომბერს, 20:27 წუთზე, რამაც არსებითად გაართულა პროცესზე დაკვირვება. მიუხედავად მჭიდრო ვადებისა, საიამ შეძლო 20 უბანზე დაკვირვება, თუმცა ამ უბნებიდან დაახლოებით 30%-ზე წილისყრის პროცედურების ჩატარების ცესკოს მიერ მითითებულ დრომდე დაიწყო და ზოგ შემთხვევაში, დასრულდა კიდეც. შესაბამისად, ორგანიზაციას არ მიეცა პროცესზე ეფექტიანად დაკვირვების შესაძლებლობა.

საია ასევე ეხმიანება სხვადასხვა მედია-საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შესაძლო საარჩევნო მიზნებისთვის ართმევენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. საიას შეფასებით, საარჩევნო პერიოდში  აღნიშნული ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს არჩევნებში ნების განხორციელების ხელის შეშლას და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენას. საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შეისწავლონ ეს შემთხვევები და განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები.

საია განუმარტვას მოქალაქეებს, რომ მათი ხმა ფარულია და პირადი მონაცემების აღირცხვის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია მათი არჩევანის იდენტიფიცირება კენჭისყრის დღეს“, – აღნიშნულია საიას ინფორმაციაში.


საიას ბრიფინგის შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ქურდოვანიძის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ადგილობრივი ორგანიზაციების მიკერძოებულობა.

„დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც წარადგინა შუალედური ანგარიში და გამოეხმაურა ანტიკორუფციული კომისიის ბიუროს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზნების მატარებელ სუბიექტებად კონკრეტული ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების დადგენას და ამას კანონის არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა, ისევე როგორც კომუნიკაციების კომისიის მიერ ოპოზიციური ტელეკომპანიების მხრიდან „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდორგოლის არგაშვებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენას. გარდა იმისა, რომ ორივე საკითხთან მიმართებში იმსჯელა სასამართლომ და დაადასტურა კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა სისწორე, ყველასთვის ნათელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და „აირჩიე ევროპის“ წარმოამდგენლები უშუალოდ იყვნენ და არიან პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, სხვა რომ არაფერი მათი წარმომადგენლები სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს დეპუტატობის კანდიდატებად პარტიულ სიებში და დადგენილია მათი მხრიდან პარტიების სასარგბელოდ განხორციელებული არაერთი შემოწირულობა. ამიტომ, მსგავსი განცხადებების გაკეთება, იმის ფონზე, რომ კვლავაც მიმდინარეობს მმართველი გუნდის წინააღმდეგ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტების იგნორირება, კიდევ ერთხელ ავლენს ადგილობრივი ორგანიზაციების მიკერძოებულობას.

შესაბამისად, მივმართავთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება ამომრჩევლებს შორის, მათი პასუხისმგებლობაცაა; ამიტომ, მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან ამ ფაქტებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე – ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება“, – თქვა მიქანაძემ.