საიას ცნობით, აქციის მონაწილე გელა ნადირაძე ოჯახს საავადმყოფოში აღარ დახვდა

პუბლიკა

განახლება: საიას ცნობით, 19:15 საათის მდგომარეობით, დაზარალებული ამჟამად არის სახლში, და მიყენებული დაზიანებების შედეგად წოლით რეჟიმშია.

საქართველოს იურისტთა ასოციაცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, გელა ნადირაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საიას ცნობით, გელა ნადირაძეს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი იყო საავადმყოფოში. საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ოჯახს ტელეფონით უთხრეს, რომ დაზარალებული კლინიკიდან პოლიციამ გადაიყვანა, ხოლო უკვე ადგილზე მისულებს უთხრეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია, თუმცა პოლიციას არ წაუყვანია.

საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოიკვლიოს მისი ადგილსამყოფელი.

„2024 წლის 30 აპრილის აქციის დარბევის ღამეს, როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, და როგორც ამ კადრებიდან გამომდინარე, ოჯახი ადასტურებს, სამართალდამცავების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა მოქალაქე გელა ნადირაძე.

ამ დრომდე ოჯახი ეძებდა გელა ნადირაძეს, თუმცა ვერ პოულობდა, მათ შორის, საავადმყოფოებსა და იზოლატორებში ინფორმაციის მოკითხვის გზით. დაახლოებით ერთი საათის წინ, ოჯახს ეცნობა, ინფორმაცია, რომ პირი გადაყვანილი იყო შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში” და აღენიშნებოდა ნეკნების მძიმე დაზიანება. ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას განუცხადეს, რომ დაზარალებული პოლიციის მიერ იქნა საავადმყოფოდან გადაყვანილი, ხოლო, ადგილზე მისულებს კი, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია საავადმყოფოდან დღეს, თუმცა, პოლიციას იგი არ წაუყვანია.

გელა ნადირაძის ადგილსამყოფელის, მისი მდგომარეობისა და დაზიანებების მიყენების გარემოებების ირგვლივ არსებული ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერად დაიწყოს გამოძიება გელა ნადირაძის საქმეზე, ჩაატაროს ყველა საჭირო მოქმედება, მათ შორის, დაზარალებულის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით და აცნობოს საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ გელა ნადირაძემ მიიღო დაზიანებები პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, საჭიროა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად დაიწყოს, და არ მოხდეს დაზარალებულის დაშინება ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება“, – ნათქვამია განცხადებაში.