საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა საიას შუამდგომლობა და შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც შეეხება თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევებას, შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
„როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 30 აპრილს, თემურ ქათამაძეს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარი.
საიამ თემურ ქათამაძის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა გაძევების გადაწყვეტილებაც და დამატებით მოითხოვა ამ საქმის განხილვამდე გაძევების პროცედურების შეჩერება.
სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე 30 დღის განმავლობაში განიხილავს წარდგენილ სარჩელს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
9 მაისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების საქმეზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნავს, რომ ვადის ათვლა დაიწყება მას შემდეგ, რაც სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივ დონეზე სასამართლო დავის დასრულებისა და გაძევების პროცედურების დაწყებისთანავე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენება, თურქეთში მისი იძულებითი გაძევების პირობებში მოსალოდნელი უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს.
შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
მეორედ დაკავების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა.