საიდან დაფინანსდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამა - მინისტრის განმარტება

პუბლიკა

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ მინისტრს ჰკითხა პრემიერის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას ითვალისწინებს. დეპუტატი დაინტერესდა წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში, რა ნაწილში გამოთავისუფლდება პროგრამის განსახორციელებლად საკმარისი თანხა და რამდენად რეალისტურია ეს გეგმა.

დეპუტატის კითხვას ხუციშვილი პასუხობს, რომ:

„დაფინანსება მოხდება იმ სოციალური განაცემების ბიუჯეტიდან, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და საჭიროების შემთხვევაში მოინახება დამატებითი რესურსები ამავე ანგარიშიდან“.

„სულ ახლახან გაჟღერდა პრემიერის მხრიდან ახალი პროგრამის თაობაზე, სადაც ის ამბობს, რომ ქვეყანაში უნდა დაასაქმოს სოციალურად დაუცველი 50 ათასი ადამიანი მაინც წელს და ჯამში 200 ათასი ადამიანი. ეს მოითხოვს წლევანდელ ბიუჯეტში 100-დან 150 მილიონამდე ლარის მობილიზებას და თუ ეს პროგრამა მთლიანად განხორციელდა წელიწადში 720 მილიონი ლარი მაინც გვჭირდება…

ეს რომ დაანონსდა, არ ჩანს საიდან აქვს ბიუჯეტს ამდენი თანხა, მით უმეტეს რამდენად რეალისტურია, რომ ამ პროგრამის განხორციელებისთვის გვექნება თანხა, წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში, სად ხდება ამ თანხის მობილიზება?“, – ჰკითხა სამნიძემ, ხუციშვილს.

პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული და დასაქმებულები სოციალურ დახმარებასთან ერთად ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებენ.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, პროგრამის გრძელვადიანი მიზანი დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა, რათა მომავალში ისინი ინტეგრირდნენ შრომის ბაზარზე. მისივე თქმით, პროგრამის ბიუჯეტი 100-150 მილიონი ლარი შეიძლება იყოს მიმდინარე წლისთვის.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სულ გეგმავენ 200 ათასის დასაქმებას, მაგრამ  პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას.

„ჩვენ წელს შეიძლება ასი ათასზეც კი გავიდეთ. 50 ათასით დავიწყებთ და ვნახოთ, პროცესი როგორ განვითარდება. ლიმიტი არ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.