„საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვა ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. ამიტომ მოგვიხდა ამ სეგმენტში დაშორება“. – გვითხრა tv პირველის უკვე ყოფილმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ჟიჟილაშვილმა.
მისი თქმით, თავის გუნდთან ერთად ახლა ტოქშოუს მიმართულებას დაუთმობს მთელ ენერგიას.
„განსაკუთრებულ წარმატებას ვუსურვებ ამ არხის ნიუსის ახალგაზრდა შემადგენლობას – პრინციპულს, საქმიანს და ღირსეულს, რომელთან ერთადაც ჩვენ 2 თვეში შევძელით რთული და საზოგადოებისთვის ძალიან კრიზისული პერიოდი სარედაქციო შეცდომების გარეშე გაგვევლო და ნიუსის ყურებადობაც გაგვეზარდა.
ყველამ, ვინც ამ გუნდს შეუერთდება, უნდა იცოდეს, რომ დასჭირდება თავისუფლად გაზრდილ ჟურნალისტურ თაობასთან მუშაობის უნარები“. – გვითხრა ნინო ჟიჟილაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი tv პირველის საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღანელებს, რომელსაც სათავეში დაახლოებით 2 თვის წინ ჩაუდგა.