საინიციატივო ჯგუფი: დაიბეჭდება ელენე დარიანის წიგნის 1200 ეგზემპლარი

პუბლიკა

საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, შეგროვებული თანხით ელენე დარიანის წიგნის 1200 ეგზემპლარი დაიბეჭდება. მათივე ცნობით, 7 თებერვალს წიგნი უკვე წავიდა სტამბაში დასაბეჭდად.

„მეგობრებო, ცოტა მეტი დრო დასჭირდა წიგნის მომზადებას, ვიდრე გვეგონა, მაგრამ გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ წიგნი გავუშვით სტამბაში. დაიბეჭდება 1200 ცალი, რომ შემომწირველებსაც ეყოთ და დაინტერესებულ მყიდველებსაც.

ჩვენ სამ სხვადასხვა სტამბას დავუკავშირდით და ყველაზე ნაკლები ფასი ჰქონდა სტამბა „დამანს“.  სწორედ ის დაბეჭდავს წიგნს. თქვენი შემოწირული თანხებიდან ამ საქმეს მოხმარდება 9240 ლარი.

დანარჩენ ინფორმაციასაც (როდის დარიგდება, დანარჩენი თანხა როგორ დაიხარჯება) თანდათანობით მოგაწვდით. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მხარდაჭერისათვის“, – წერს საინიციატივო ჯგუფი.


17 იანვარს კულტურის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრიდან არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ ღია წერილითაც მიმართა.

სამინისტროს განცხადებით,  მოქალაქეთა აღშფოთების მიზეზი ლიტერატურული მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნია. სამინისტროს თქმით, მუზეუმმა დაუშვა სერიოზული შეცდომა და ელენე დარიანს მიაკუთვნა ანა კალანდაძის ორი ლექსი.

18 იანვარს სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად. ელენე დარიანის კრებულის თავიდან გამოსაცემად შემოწირულებებით 12 661 ლარი შეგროვდა.