საინტერესოა, შეფასდეს ეკლესიისთვის ტყის გადაცემის კანონი დისკრიმინაციის ჭრილში – ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესახებ დღეს მიღებული კანონი შეაფასა.

ლომჯარიას განცხადებით, ქართულ კანონმდებლობაში არაერთი ჩანაწერია, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიას, სხვა კონფესიებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს. მაგალითად მას მოჰყავს ეკლესიის დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლება, ეკლესიის მიერ სახელმწიფოსგან ქონების მიღება უსასყიდლოდ, როცა არც ერთ სხვა კონფესიას ამის უფლება არ აქვს.

„მიუხედავად იმისა, ვიცით, რომ ისინი ფლობენ, მაგალითად, ეკლესიებს, არც ერთი რელიგიური შენობა-ნაგებობა არც ერთი სხვა კონფესიის საკუთრებაში დღემდე არ არის, იმიტომ, რომ კანონი ამას კრძალავს”, – აცხადებს ლომჯარია.

მისი თქმით, შარშან საკონსტიტუციო სასამართლომ ორი კანონის შესახებ თქვა, რომ დისკრიმინაციულია –  როცა კონკრეტულ რელიგიურ გაერთიანებას კონკრეტული საგადასახადო შეღავათი უწესდება ან ქონებრივი უპირატესობა ენიჭება ერთ-ერთ რელიგიურ ორგანიზაციას.

„ამ ჭრილში, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი პრეცედენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საინტერესოა, შეფასდეს დღეს მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ჭრილში.

ჩვენ შევისწავლით ამ კანონს და განვიხილავთ, ხომ არ არის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის გარემოებები“, – განაცხადა ლომჯარიამ.