„საირმეში გაფუცული მუშების საქმეზე შეთანხმება შედგა” – ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირი ავრცელებს.
მუშები 13 თებერვლიდან ღირსეული სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. შეთანხმება კი 36-ე დღეს შედგა.
„შეთანხმებას წინ უძღოდა გარკვეული სახით ორმხრივი დათმობები. პირველი ნაბიჯი გადაიდგა კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელთა მხრიდან, რაც სიტყვიერად გამოიხატა მადლობით, იმის გამო, რომ საჭირო ადამიანამდე მივიდა ინფორმაცია, თუ რეალურად რა ხდებოდა საწარმოში, ხოლო ქმედითად გამოიხატა ადმინისტრაციის იმ სამი წარმომადგენლის სამსახურიდან გათავისუფლებით, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით გაფიცულთა მიმართ. საპასუხოდ გაფიცულებმა გზა გაუხსნეს საექსპორტოდ გამზადებულ წყლით დატვირთულ ტრაილერს. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები და შედეგად შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე:
- ხელფასის ზრდა 22.5 %-ით;
- ხელფასის ზრდა 34%-ით ღამის საათებში მუშაობის შემთხვევაში;
- ცვლის უფროსის დანამატი განისაზღვრა 150 ლარის ოდენობით;
- დამლაგებლის ხელფასის ზრდა 30%-ით და ასევე კადრის დამატება;
- მეწარმე სუბიექტის (მძღოლი) მომსახურების ანაზღაურების ზრდა 22.5%-ით;
- ზეგანაკვეთური შრომის და უქმე დღეების მუშაობის ანაზღაურების განსაზღვრა დამატებით 25%-ით;
- გაფიცვის დღეების ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით;
- ხელფასის ყოველწლიური ინდექსაცია;
- გაუქმდება თანამშრომლებზე 2023 წლის 1 თებერვალს გაცემული წერილობითი გაფრთხილებები;
- დასაქმებულ ოპერატორებს მოეხსნათ ვალდებულება, ასწავლონ ახალ ოპერატორს ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობები;
- კოლექტიური შეთანხმება 2024 წლამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.