საჯარო პირების მხრიდან დისკრიმინაციის წახალისება ომბუდსმენის ანგარიშში

პუბლიკა

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საჯარო პირებისა და მედიის მხრიდან დისკრიმინაციის წახალისებას.

„საჯარო სივრცეში გაკეთებული სექსისტური, ქსენოფობიური თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციული კომენტარების სიმრავლე მოწმობს, რომ ბევრ პოლიტიკოსს თუ სხვა საჯარო პირს არ აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რაც მათ თანასწორუფლებიანობის დაცვისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესში ეკისრებათ“, – წერს ომბუდსმენი.

ანგარიშში მოყვანილია „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის კომენტარი, რომელშიც მან გაუპატიურების მსხვერპლი ქალები პროვოცირებაში დაადანაშაულა. ნათელაშვილმა ეს შეფასება კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების გასაკრიტიკებლად გამოიყენა, თუმცა, როგორც ომბუდსმენი წერს, საკანონმდებლო ცვლილებებისადმი პოლიტიკოსის დამოკიდებულების თავისუფლების მიუხედავად, მან თავისი არგუმენტი ძალადობის წახალისების გარეშე უნდა ჩამოაყალიბოს.

ასევე, ანგარიშში მოყვანილია დეპუტატების ალექსანდრე ელისაშვილისა და ლადო კახაძის კომენტარები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ „წარმატებული კაცი ქალზე ვერ იძალადებდა“. ასევე, „ევროპული საქართველოს“ მაშინდელი ლიდერის, დავით ბაქრაძის გამონათქვამი ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებამდე, რომ „ბედნიერია აღელვებული ახალგაზრდა გოგოების გარემოცვაში“.

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ თვალსაჩინოა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური დამოკიდებულება, რაც, ხშირ შემთხვევაში, მათ მიმართ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებოდა.

მაგალითად, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მხრიდან ელენე ხოშტარიასადმი გაკეთებული შეფასება, რომ მას „ქალის სახე აქვს დაკარგული“ დაქალი არის კდემამოსილი“. ასევე, როგორც სახალხო დამცველი წერს, გასულ წელს იყო ირაკლი ოქრუაშვილის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის სექსისტური დისკრიმინაციის წამახალისებელი კომენტარებიც.

„ძალიან ხშირად ქალების წინააღმდეგ ოპონირება არ მიმდინარეობდა პროფესიული კრიტიკის ჩარჩოში და მიზნად ისახავდა მათ დამცირებასა და შეურაცხყოფას დადგენილი საზიანო სტერეოტიპების საფუძველზე, რაც ქალთა მიმართ სიძულვილის წამახალისებელია“, – წერს ომბუდსმენი.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ყურადღება მიიქცია ქსენოფობიურმა კომენტარებმაც. მათ შორის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის მიერ აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის მიმართ კომენტარმა.

ასევე „ქართული ოცნების“ წევრის, ნინო წილოსანის მიერ სოფელ ბუკნარში დაპირისპირებული მოსახლეობის „ქართველებად და მუსლიმებად“ დაყოფა.

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისას კი გამოიკვეთა დისკრიმინაციული დამოკიდებულება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების მიმართაც. მაგალითად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა ისინი „არაადეკვატურებად“ მოიხსენია.

„ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანები, წლებია, უდიდეს ზეწოლას განიცდიან და გარიყულნი არიან საზოგადოების მხრიდან, რაც სწორედ ქვეყანაში ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემაზე არაორიენტირებული მიდგომებითა და საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული სტიგმითა და სტერეოტიპებით არის განპირობებული“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე აღნიშნულია საპატრიარქოს ფონდის მმართველი საბჭოს წევრის, გიორგი ანდრიაძის მიერ C ჰეპატიტის მქონე და აივ ინფექციის მატარებელი ადამიანებისადმი დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადება.

ომბუდმსენი წერს, რომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დისკრიმინაციის წახალისება მედიაშიც. რისი შემთხვევებიც დაფიქსირდა „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტში, გადაცემებში „პროფილსა“ და „ფარულ კონვერტში“ და გამოიკვეთა გენდერული ნიშნითა და ლგბტქ+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისება.

„მედიის როლი განუზომლად დიდია დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ფორმირებიპროცესში, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მედია ყურადღებით მოეკიდოს საკუთარ როლს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევის პროცესში და ჟურნალისტები, განსაკუთრებით, სენსიტიური საკითხების გაშუქებისას მეტ სიფრთხილეს იჩენდნენ, რათა თავიდან აიცილონ სხვადასხვა ნიშნით პირის თუ პირთა ჯგუფის დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევები“, – წერს ომბუდსმენი.