საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ 2025 წლიდან ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.
ერთ-ერთი მათგანი ანი მამუკელაშვილია.
მისი თქმით, 30 დეკემბერს დაურეკა HR-მა და ტელეფონით შეატყობინა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მასთან შრომითი ხელშეკრულება არ გააგრძელა.
„დიდი მადლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩემი და ჩემი თანამოაზრე თანამშრომლებისთვის გაკეთებული წინასაახალწლო საჩუქრისთვის! დიდი მადლობა, რომ 2 წლიანი შრომა უბრალოდ 24 წამიანი ზარით დაასრულეთ.
ვინც კარგად მიცნობთ ხვდებით როგორ სიმწრით მეცინება ახლა ამ მარაზზმე, აქვე დავძენ, რომ ერთ-ერთი პირველი შევუერთდი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების განცხადებას – პეტიციას”. – წერს მამუკელაშვილი.
მეორე თანამშრომელი, რომელიც ასევე ამბობს, რომ უწყებაში ხელშეკრულებას არ უგრძელებენ, არის ნინო ხარჩილავა.
ხარჩილავამ დაწერა:
„დამიკავშირდნენ, საჯარო რეესტრიდან ხელშეკრულების არ გაგრძელების შესახებ.
ვინც არ მიცნობთ, გეტყვით რომ დასაქმებული ვიყავი მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე, თითქმის სამი წლის განმავლობაში. ამავე წლის ბოლოს, გავიარე რესერთიფიცირება წარმატებით (უძრავი ქონების ამზომველ-ამგეგმავის პოზიცია).
ხელშეკრულების არგაგრძელებას ვუკავშირებ პეტიციას, რომელიც ემიჯნებოდა კობახიძის განცხადებას.
ჩემი პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრებს შესახებ რჩება უცვლელი და მყარი”.
მოგვიანებით საჯარო რეესტრის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, სალი კაპანაძემ დაწერა, რომ „საჯარო რეესტრმა 10-წლიანი შრომის შემდეგ 20-წამიანი ზარით გაათავისუფლა”.
„მთელი ჩემი შრომა წვალება და ჯაფა 1 წამში თავზე დამემხო.. 10 წელი, ხალხო, 10 წელი”. – დაწერა კაპანაძემ.
სოციალურ ქსელში საჯარო რეესტიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ელზა გელაძემაც. მისი თქმით, „მიზეზად ჩემი, როგორც კადრის საჭიროების არ არსებობა დასახელდა”.
„ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც მოაწერა ხელი პეტიციას რომლითაც ვგმობდით ძალადობას, ჩვენს თანამოქალაქეებზე და ვითხოვდით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას.
ჩემთან ერთად გაუშვეს არაერთი ადამიანი, მათ შორის ქუთაისის ოფისიდან, ვისაც ასევე ქონდა პეტიციაზე ხელი მოწერილი. ეს ყველაფერი მოხდა სრულიად გაუფრთხილებლად, ახალი წლის წინა ღამით. რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე, ჩვენი ევროპული მომავლისთვის და თუ ამის გამო უნდა ვიდევნებოდე, ესეიგი სწორი გზით მივლია აქამდეც.
მე ხვალ გავიღვიძებ ჩემს შვილთან ერთად და მისთვის თვალებში ჩახედვის არ შემრცხვება და თქვენ, რას მოუყვებით შვილებს?? და ბოლოს მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ის რაც დღეს მოხდა არის კლასიკური დაშინებისა და რეპრესიების მაგალითი და თუ დღეს ამას ვინმე შეეგუება შემდეგი შეიძლება თვითონ იყოს !!! წინ ევროპისკენ”, – წერს გელაძე.
კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც საჯარო რეესტრიდან გათავისუფლების შესახებ წერს, ფიქრია არდიაა. მისი თქმით, ის „მხოლოდ და მხოლოდ” პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.
„იმის გამო, რომ ხელი მოვაწერე პეტიციას, სადაც ვითხოვდით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს მე და ჩემი უამრავი ღირსეული თანამშრომელი სამსახურიდან გაგვიშვეს. ასე რუსული მეთოდებით, სპეცოპერაცია მოაწყვეს საჯარო რეესტრში. ჩვენ ვაცნობიერებთ რა, რომ აღმოვჩნდით ფრონტის წინა ხაზზე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დიქტატურა არ დამყარდეს”, – წერს ის სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში ვრცელდება საჯარო რეესტრის სხვა თანამშრომლების – ანა გურასაშვილის, მერი თაგოშვილისა და ზურა გეგეშიძის პოსტებიც. სამივე მათგანი ამბობს, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.
განახლება:
საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ანა ფილაური „მთავარ არხთან“ აცხადებს:
„თითოეულ მათგანს განემარტა მიზეზი, რატომ აღარ გაუგრძელდათ ხელშეკრულება. ეს ყველა ადამიანი ჩართული იყო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმაში და სამუშაოებში, შესაბამისად, ცხადია, ოპტიმიზაცია, სამუშაოს შესაბამისად, საჭირო იყო. მთავარი სამუშაოები დასრულებულია, სისტემური რეგისტრაცია დამთავრდა, უბრალოდ, ერთი წელი გაგრძელდა იმიტომ რომ დარჩენილი სამუშაოები დაგვესრულებინა. პირველ წელს რა რაოდენობის ხალხიც იყო საჭირო, ბოლო წელს იგივე რაოდენობა ფიზიკურად არ იქნებოდა საჭირო, ესაა სამუშაო პროცესი“, თქვა მან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება.
ისევე, როგორც იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება დანაშულის პრევენციის ცენტრი, საიდანაც გაათავისუფლეს 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 4 სოციალური მუშაკი, ასევე, ფსიქოლოგები და მედიატორები. გათავისუფლები მიზეზად აქაც პოლიტიკურ პოზიციებს და „ქართული ოცნების” მხრიდან ევროინტეგრაციის შეჩერების გაპროტესტებას ასახელებენ.
მოქალაქეები სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს თბილისის და რუსთავის მერიიდანაც.