საჯარო რეესტრმა გიორგი გაბუნიას გადაყენების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა „მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენლის, ერთ-ერთი დირექტორის, გიორგი ქურდაძის მოთხოვნა არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გიორგი გაბუნიას გადაყენებაზე.

ქურდაძემ რეესტრს 24 დეკემბერს მიმართა. უწყებამ სარეგისტრაციო წარმოება 25 დეკემბერს შეაჩერა და თქვა, რომ განცხადებით მოთხოვნილი იყო გიორგი გაბუნიას გათავისუფლება „ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე“.

რეესტრმა ქურდაძეს დაავალა, სარეგისტრაციო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარედგინა:

  • გიორგი გაბუნიას ნების გამოვლენის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული, პირადი განცხადება გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული, უფლებამოსილი ორგანოს – პარტნიორთა საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
  • ან სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული უფლებამოსილი ორგანოს (პარტნიორთა კრების) მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

რეესტრმა 29 იანვარს გამოსცა გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ქურდაძეს არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები, შესაბამისად, „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“.

ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს.


11 დეკემბერს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, არხი დახუროს. მისი თქმით, ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და „მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით“. გაბუნიას თქმით, გოგი ქურდაძე ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე.

ამ განცხადებას უპასუხა ზაზა ოქუაშვილმა და თქვა, რომ მისი სურვილია, არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, „რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“. ოქუაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ არხი გაძარცევს და ხელოვნურად მიიყვანეს გაკოტრებამდე.