სადამკვირვებლო მისია, „ჩემი ხმა“ კიდევ ერთხელ ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს ამომრჩევლების დაშინებასა და ზეწოლას.
„ჩემი ხმა” აცხადებს, რომ ეს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია. ლონდა თოლორაიას თქმით, ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლების ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტებს.
„2024 წლის 12 ოქტომბერს მედიით გაშუქებული (ტვ პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის” გამოშვებაში ასახული) ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ახალი ფაქტების შესახებ.
როგორც ირკვევა, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ ,,ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას და მათი შემდგომი დამუშავების მიზნით, მმართველი პარტიისთვის გადაგზავნას. სპეციალურ საიდუმლო სიაში, რომელიც ჟურნალისტის ხელში აღმოჩნდა, შეყვანილი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საჰაერო ნავიგაციის, აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები – მათი სახელები, გვარები, პირადი ნომრები, მისამართები და ტელეფონის ნომრები.
გავრცელებული ინფორმაციები აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლებზე, მათ შორის, საჯარო მოხელეების ნებაზე ზეწოლას, რათა მათ ხმა, საკუთარი ნების მიუხედავად, ,,ქართულ ოცნებას” მისცენ. იკვეთება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლის ნებაზე იძლებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, მაშასადამე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1644, 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნები”, – ამბობს ლონდა თოლორაია.
თოლორაია აცხადებს, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არის გამოძიების დაწყების საფუძველი, თუმცა ამ დრომდე პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები არ აკეთებენ კომენტარს. ის მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.
„მივმართავთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შესახებ, ვინაიდან ასეთი ფაქტები არსებით ზიანს აყენებს როგორც თითოეულ ამომრჩევლის უფლებას, ასევე ზოგადად არჩევნებს”, – აცხადებს თოლორაია.
გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ” დამატებით 592 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო.
ის მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და მათი შემომწირველები, რადგან „ახალ შემომწირველ კომპანიებს 17 მილიონი ლარი აქვთ მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. მათვე, მილიონ ლარამდე სუბსიდია აქვთ მიღებული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან”.
რაც შეეხება არჩევნებზე დამკვირვებლობის მსურველებს, თოლორაიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რეგისტრაცია გავლილი აქვს დამკვირვებლობის 3080 მსურველს. მისივე თქმით, მათთან მიმდინარეობს გასაუბრებები, ხოლო უკვე შერჩეულ 800 მსურველს, 25 ტრენინგი ჩაუტარდა. დამკვირვებელთა რეგისტრაცია გაგრძელდება 19 ოქტომბრამდე.