საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 96 მოქალაქე დაჯარიმდა - შსს

პუბლიკა

დღეს შს სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ  ბრიფინგი გამართა.

ბორცვაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა.

„აიკრძალა საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება; იმ ობიექტებში, რომელთა მუშაობაც არ შეჩერებულა, დადგინდა 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება; მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა; დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე; აიკრძალა საკარანტინო ზონების თვითნებური დატოვება”, – განაცხადა ბორცვაძემ.

მისი თქმით, დაჯარიმდა 96 მოქალაქი, ხოლო რვა ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

„96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. სამი იურიდიული და რვა ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო. მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა ხუთი პირი. ხოლო, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის – 13 პირი”.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის მოქმედებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ფიზიკური პირი ჯარიმდება 3 000, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.