შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსთაველის გამზირზე მომხდარი ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს.
ასევე განცხადებაში უწყება ხაზს უსვამს, რომ „თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია.
„აღნიშნული რისკების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს.
კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე“, – ამბობენ შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. ასევე მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის კანონით დასაშვებ ფარგლებს.