საჯაროდ ვამბობ, რომ მზადა ვართ მასთან შეხვედრისთვის - ვოლსკი ელისაშვილზე

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ხელისუფლება მზადაა, შეხვდეს ალეკო ელისაშვილს.

ის ამბობს, რომ ელისაშვილის პოზიცია სახელმწიფოებრივია და დესტაბილიზაციის მსურველ მხარეს უპირისპირდება.

„არის რამოდენიმე მთავარი საკითხი, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, არა თუ ალეკო ელისაშვილს, არამედ ნებისმიერ ოპონენტს ვესაუბროთ. ეს არის მთავარი თემა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არ ჩატარებულა ისეთი დარღვევების ფონზე, რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის შედეგებზე. ჩვენი პარტნიორების დასკვნაც სწორედ ამ შინაარსისაა.

არის მეორე თემა, რაც შეეხება პასუხისმგებლობას საზოგადოების, ამომრჩევლის და საერთოდ სახელმწიფოს ინტერესების წინაშე. ჩემი პოლიტიკური ანტიპათიის თუ განსხვავების მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილება და პოზიცია სახელმწიფოებრივია და უპირისპირდება იმ პოზიციას, რომელიც აქვს არა მარტო სააკაშვილს, არამედ საქართველოსთვის არაკეთილმოსურნე მხარეს, რომელსაც დესტაბილიზაცია მიაჩნია თავისი სტრატეგიის მთავარ ამოცანად საქართველოში.

თუკი ეს პასუხისმგებლობა მან გაითავისა, რასაკვირველია, ისიც უნდა იცოდეს, რომ არსებობს თემები, რომლებზე საუბარიც არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა. რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს გამჭვირვალე მოლაპარაკებებიც, შეხვედრებიც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

საჯაროდ ვამბობ, რომ მზად ვართ მასთან შესახვედრად. დისკუსია გაგრძელდება ალბათ, ერთი-ორი შეხვედრით არ ვიცი წინასწარმეტყველებაში ვერ გადავვარდები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მისასალემებელია ის პასუხისმგებლობა, რომელსაც კონკრეტული სუბიექტი იჩენს ქვეყნის წინაშე და მისი სტაბილურობის აუცილებლობის გათვალისწინებით. ვინც არ უნდა იყოს არა მხოლოდ ელისაშვილი, არამედ ნებისმიერ სხვასთან ამ თემებზე მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დაასრულეს „ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც“ და პარტიის სახელით „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

„…მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო „ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად, შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, – წერს ელისაშვილი ფეისბუქპოსტში.