არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საჯაროობაზე უარის გამო არ ესწრება საეპარქიო კომისიის კრებას, რომელზეც დღეს, 14:00 საათზე იყო დაბარებული. ის საპატრიარქოს შენობასთან მივიდა, თუმცა ჟურნალისტების დასწრებაზე უარი მიიღო. მასთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები და სასულიერო პირები: არქიმანდრიტი ილია, არქიმანდრიტი შიო, იღუმენი ანდრია.
სასულიერო პირის განცხადებით, აქვს უფლება, მოითხოვოს, სხდომა ღია იყოს და მას ჟურნალისტებიც დაესწრონ, რადგან კრებაზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამოა დაბარებული.
„ერთადერთი რაც შეუძლიათ მოიმიზეზონ ჩემს დასასჯელად, ესაა სხდომაზე არ გამოცხადება. რჯულის კანონით, როცა ეპისკოპოსი გიბარებსო, მაშინ აუცილებლად უნდა მიხვიდე, თუ არა დაისჯები. მე ეპისკოპოსი კი არ მიბარებს, მე მიბარებს კომისია და როცა კომისიაზე მიბარებენ, მე ბრალდებაც უნდა ვიცოდე, მათი აზრი უნდა ვიცოდე ჩემზე, რა დავაშავე, ჩემი გამონათქვამები რომ გამომიგზავნეს, იქ უნდა ყოფილიყო – აი შენ ეს რომ თქვი, ეს არის მწვალებლობა, ეს არის შეცდომა, ეს არის არასწორი. […] მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად ეწყინათ და პიროვნულად, სხვანაირად იქ სწავლებითი არაფერი არ იყო. მეც რაღაც მათი განცხადებები, რუსეთის საამებელი განცხადებები არ მომწონს, მაგრამ მე არც ერთისთვის არ მომითხოვა ეს დასაჯეთ, იმიტომ, რომ ამის გამო არ შეიძლება მღვდელი დაისაჯოს. ამიტომ მათ უნდოდათ მიზეზი, რადგან ჩემი სწავლების გამო, პოლიტიკური განცხადებების გამო ჩემი დასჯა შეუძლებელია, ამიტომ მათ უნდოდათ მიზეზი, თითქოს მე პირველად რომ არ გამოვცხადდი, მაშინ არ გამოუვიდათ, მაგრამ მეორედ თუ არ გამოვცხადდები – დამსჯიან. ამიტომ მე ვთქვი, მოვდივარ, მაგრამ მხოლოდ საჯაროდ. მე არ შემიშვეს. არა თუ არ გამოვცხადდი, აგერ ვარ, ეს სურათები და ვიდეოებს ყველა ნახავს, რომ აქ ვარ, მაგრამ მე ჩემი მოთხოვნა მაქვს, მე უნდა შევიდე ჟურნალისტებთან ერთად და ეს უნდა გახდეს საჯარო“, – ამბობს დოროთე ყურაშვილი.
მისივე განცხადებით, საპატრიარქო ამბობს, რომ სხდომა არ შეიძლება ჟურნალისტებმა გადაიღონ, რაც ტყუილია. არქიმანდრიტი განმარტავს, რომ არ შეიძლება გადაღება და ჩაწერა, თუ ადამიანის პირად ცოდვაზეა საუბარი, მაგრამ მას პასუხს სთხოვენ სწავლებაზე.
16 ოქტომბერს ეპარქიულმა კომისიამ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის განცხადებები და საჯარო გამოსვლები განიხილა. კომისიის შეფასებით, არქიმანდრიტის განცხადებებში იკვეთება „დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები“. სხდომაზე დოროთე ყურაშვილიც იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა. ამის გამო ეპარქიულმა კომისიამ მას „მკაცრი გაფრთხილება“ მისცა და მომდევნო კომისიაზე დაიბარა.
26 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში დოროთე ყურაშვილმა თქვა, რომ ციტატები, რომლებიც არ მოსწონს ეკლესიის მმართველ ადმინისტრაციულ ძალას, კრიტიკული ტელევიზიების ეთერებში აქვს გაკეთებული.
„ვფიქრობ, რომ ჩემთან ერთად ირიბად ამ ჟურნალისტებსაც ბრალს სდებენ ეკლესიის შეურაცხყოფაში, და ვფიქრობ, ამ ჟურნალისტებსაც უნდა მიეცეთ პასუხის გაცემის უფლება საეპარქიო კომისიაზე, რადგან დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძისგან პირდაპირი თავდასხმის ობიექტები არიან“, – წერდა არქიმანდრიტი.