„საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრევენციის, დროული გამოვლენის და შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით დღემდე არაერთი პრობლემა არსებობს“,– ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
„კანონმდებლობის დონეზე კვლავ პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, გაუპატიურების არსებული დეფინიციის ცვლილება და მასში თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის კომპონენტის განსაზღვრა. საგანგაშოა ბავშვობის ასაკში ქორწინების და ნიშნობის მაჩვენებელი. სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს არასრულწლოვან მშობლად 479 გოგო დარეგისტრირდა, 2021 წელს – 476, ხოლო 2022 წლის 6 თვის მონაცემით – 189.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოჯახში ძალადობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი და პრევენციის ღონისძიებების სიმცირე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტზე 6 520 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ხოლო გამოძიება 3 064 ფაქტზე დაიწყო. საგანგაშოა ძალადობის უკიდურესი ფორმის, ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების მასშტაბი, რომელიც წლიდან წლამდე კლების ტენდენციით არ ხასიათდება. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის 10 თვის მონაცემით, ქალის მკვლელობის 18 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 11 შემთხვევაში გამოიკვეთა. ბევრად მაღალია მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი, სადაც 32 შემთხვევიდან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 26 ფაქტი იყო ჩადენილი“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, პრიორიტეტად დაისახოს შემდგომი ღონისძიებების გატარება:
? დაიხვეწოს სექსუალური ძალადობის კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სექსუალური ძალადობის დეფინიცია დაეფუძნოს მსხვერპლის თავისუფალი, ნამდვილი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას;
? გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება მოხდეს ყველა ტიპის სწავლებაში და დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით;
? დამტკიცდეს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტი;
? დაიგეგმოს შესაბამისი პროექტები და პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად.
25 ნოემბერს მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, არსებული გამოწვევების აღიარებას და სამომავლო სტრატეგიების დასახვას ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამასთან, ამ დღით იხსნება 16 დღიანი გლობალური კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.