არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ განცხადებას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ავტორობით საქართველოს სივრცით კოდექსში ინიციირებული ცვლილებების პაკეტის შესახებ, რომელიც, მათი თქმით, ბათუმის ქაოსური განაშენიანების პრობლემას კიდევ უფრო უქმნის გაუარესების საფრთხეს; ქმნის კორუფციული გადაწყვეტილებების მიღების რისკსა და სამშენებლო სექტორს აძლევს საშუალებას, პრივილეგიების მინიჭებით თავი აარიდონ სამშენებლო რეგულაციებს.
ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ცვლილებების პაკეტის შესახებ და გავრცელებულ განცხადებაში აღწერენ იმ რისკებს, რომლის წინაშეც ქალაქი ბათუმი შეიძლება დადგეს, თუ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიღებულ იქნა.
ორგანიზაციების განცხადებით, ცვლილებების პაკეტი მოიცავს ცვლილებას 2 კანონში, კერძოდ:
1. ქალაქ ბათუმში ხსნის შეზღუდვას განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტებასთან დაკავშირებით;
2. ბათუმის მერს აძლევს ექსკლუზიურ უფლებას, გადაამეტოს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრულ მაჩვენებლებს და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან განსხვავებული პირობებით, მათ შორის, განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, დაამტკიცოს ან შეცვალოს ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია.
როგორც ორგანიზაციები განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილებით, მერს ეძლევა შესაძლებლობა, კანონისგან განსხვავებულად, მისი შეხედულებისამებრ, მოაწესრიგოს შენობა. განსაზღვროს მაქსიმალური სიმაღლე; განსაზღვროს, როგორი უნდა იყოს ფუნქციური ზონირება და განსაზღვროს ყველა სხვა ქალაქმშენებლობითი საკითხი, რომელიც ნაგებობის მშენებლობასთან არის დაკავშირებული.
როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილებები ხორციელდება ბათუმში უმწვავესი პრობლემის, ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით.
„განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ “სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების დაინტერესება ასეთი ობიექტების ჩანაცვლებაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი დააკმაყოფილებენ როგორც მოსახლეობას, ასევე, აწარმოებენ ისეთი ტიპის მშენებლობას (მაღალ სართულიანი, მეტი მოცულობის სამშენებლო ფართები თუ სხვა), რომლითაც დაკმაყოფილებული იქნება მათი ფინანსური ინტერესები“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ზემოაღნიშნული ცვლილებებით არ იფარგლება და ასევე მოიცავს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას.
კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ ავარიული სახლის მესაკუთრე(ებს) ვერ დაითანხმებენ მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ პირობებზე, მათი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის ერთ-ერთი საფუძველი მაინც გახდება.
„შემოთავაზებული კანონპროექტი განუზომელ შესაძლებლობას აძლევს ბათუმის მერს, სრულიად დაუსაბუთებლად, მისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც სხვა ქალაქებისთვის უკვე კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
განმარტებითი ბარათი არც იმის აღიარებას ერიდება, რომ ეს ცვლილება პირდაპირ ბიზნესის ინტერესის მხარდასაჭერადაა შემოთავაზებული, ხოლო მისი დაჩქარებული წესით განხილვა, ამ ინტერესის განსახორციელებლად, სახელმწიფო და ადგილობრივი უწყებების წინასწარ შეთანხმებულ საქმიანობაზე მიუთითებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერისთვის მინიჭებული იქნება პრივილეგიები, ის შექმნის რისკებს, რომ ბათუმის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ბიზნესის წრეებთან, ჩაკეტილ კარს მიღმა მოლაპარაკების შედეგიც შეიძლება გახდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს:
- შეაჩეროს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა;
- გახსნას სივრცე შემოთავაზებული ცვლილებების კრიტიკული განხილვისათვის; პროცესში ჩართოს, როგორც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის დაინტერესებული ბენეფიციარები, ისე, საექსპერტო ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- საზოგადოება ბათომი;
- მწვანე ალტერნატივა;
- ღია საზგადოების ფონდი;
- საგამოძიებო სტუდია REC;
- ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- EECMD;