საკანში შეხვედრის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების საქმეზე პენიტენციურს დავა სააპელაციოშიც მოვუგე - ადვოკატი

პუბლიკა

იურისტის, ლევან ალაფიშვილის ინფორმაციით, ციხის საკანში პატიმართან შეხვედრის კადრების გასაჯაროების საქმე პენიტენციურ სამსახურს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგეს.

„პენიტენციურ სამსახურს სააპელაციო სასამართლოშიც მოვუგე დავა ციხის საკანში შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ, თანხმობის გარეშე გასაჯაროების საქმეზე. ეს პირველი პრეცედენტია!

2 ინსტანციის სასამართლომ დარღვევაც დაადასტურა და მორალური ზიანიც დააკისრა სამსახურს.

მანამდე ამავე ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მოვიგეთ საქმე. ინსპექტორის 2020 წლის 20 მარტის №გ-1/100/2020 გადაწყვეტილებით პენიტენციური სამსახური კანონდამრღვევად იქნა ცნობილი და ჯარიმაც დაეკისრა.

თეა წულუკიანმა პარლამენტში ნინო ლომჯარიასთან კამათისას რომ გამოაქვეყნა საკანში პატიმართან სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, ის საქმეა. მინისტრის უკანონო დავალება შეასრულა და ვიდეოჩანაწერი პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა ვებგვერდზე, ფეისბუქგვერდზე და მედიასაც გადასცა.”, – წერს ადვოკატი ლევან ალაფიშვილი.

2020 წლის 21 იანვარს იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტზე ვიდეო წარმოადგინა, რომელიც, მისი თქმით, 2019 წელს პატიმრის საკანშია გადაღებული, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი მონიტორინგს ახორციელებს.

„ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს. 4 საათი რჩება ე.წ მონიტორინგის რეჟიმში“, – განაცხადა მაშინ წულუკიანმა.