საკარანტინო სივრცეებისა და კლინიკების მომსახურებაზე 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა – IDFI

პუბლიკა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი COVID-19-ის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, გაანალიზებული მონაცემებით ჩანს, რომ თანხის უდიდესი ნაწილი იხარჯება კოვიდსასტუმროებისა და კლინიკების მობილიზებაზე. ამ მიზნობრიობით შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ Covid-19-თან დაკავშირებული ზოგიერთი მომსახურების შესყიდვა ნაწილობრივ უბრუნდება ელექტრონული ტენდერის ფორმატს, რაც მისასალმებელია, თუმცა ასეთი შემთხვევები არ არის ბევრი. 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ისეთი მომსახურების შესყიდვები, რომელიც უკვე აპრობირებულია და მათი საჭიროების შესახებ წინასწარი ცოდნა არსებობს, შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, მეტი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მიგნებები

  • 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
  • 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
  • საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ნოემბერის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით გამოეყო 35 მილიონი ლარის რესურსი, რაც უკვე დახარჯულ თანხასთან ერთად 100 მლნ ლარს აჭარბებს. დამატებითი რესურსით უნდა გაგრძელდეს კოვიდ სასტუმროების მობილიზება და ამ პროცესთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების უზრუნველყოფა.
  • კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან, ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა.
  • საკარანტინე/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ 625,537 ლარი შეადგინა. მხოლოდ ნოემბერში კი დამატებით 300,000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.
  • შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ხდება ცალკე Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების გამოყოფა და მათი შესაბამისი ანალიზი, რისი მაგალითებიც მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში გვაქვს.
  • შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ არის უზრუნველყოფილი ინფორმაციის ღია, დამუშავებად ფორმატში მოპოვების შესაძლებლობა.

მონაცემები მოძიებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს SPM (გამარტივებული შესყიდვის სააგენტოსთან შეთანხმების) მოდულიდან და ელექტრონული ტენდერის მოდულიდან. 15 მაისამდე პერიოდის მონაცემები ეყრდნობა IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ, Covid-19-თან დაკავშირებული გასული ორი კვლევის ფარგლებში მოძიებულ მონაცემებს.