სახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოუგვარებელ სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ მოინახულა, რის შემდეგაც გაავრცელა განცხადება, რომლითაც პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდა, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემების აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებების დაცვის სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფისთვის.

სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, ცენტრში ვიზიტის შედეგად განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში არსებული თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და შეუძლებელს ხდის პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში.

„უკიდურესად გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი (2-3 სველი წერტილი 60-მდე პირზე). პაციენტებს არ მიეწოდებათ მათთვის საჭირო ყველა ჰიგიენური საშუალება. სასადილო სივრცე მცირეა, რაც პაციენტებს ერთად კვების შესაძლებლობას არ აძლევს.

დაწესებულებაში გამოყოფილია სივრცე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფილია კომპიუტერული ტექნიკით და შესაბამისი რესურსებით სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობისთვის, თუმცა სივრცეც და რესურსებიც არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო აქტივობებში შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პაციენტის ჩართვას.

მწვავედ გამოიკვეთა პაციენტთა უსაფრთხოების პრობლემა (რამდენიმე დღის წინ ერთი პაციენტი ფანჯრიდან გადახტა. საბედნიეროდ, შემთხვევას ლეტალური შედეგი არ მოჰყოლია). ასევე, ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა, რაც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს“, – ნათქვამია განცხადებაში.