სახალხო დამცველი ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის ავტომანქანის საღებავებით მოხატვისა და მასზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„თავად უფლებადამცველი აღნიშნულის სავარაუდო მიზეზად თბილისის მერისადმი ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკასა და „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ გაჟღერებულ პოზიციას ასახელებს.
სახალხო დამცველი გმობს ზემოხსენებული თავდასხმის ფაქტს, როგორც სამოქალაქო აქტივისტის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ანგარიშსწორებას, რომლის მიზანიც ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნაა.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკა მათი საქმიანობის გაუმჯობესებისა და ანგარიშვალდებულების ზრდას ემსახურება. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვა უფლებადაცვით საქმიანობას განეკუთვნება, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. უფლებადამცველთა შეუფასებელი როლის გათვალისწინებით, საერთაშორისო დონეზე მათ დასაცავად, არაერთი გარანტიაა შექმნილი, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მათ შორის, დაიცვას აქტივისტები მესამე პირთა მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან, ხოლო ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, უზრუნველყოს ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება დაუსჯელობის გარემოს თავიდან ასაცილებლად“,- ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ჩაატარონ დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.