სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს, 10 აპრილს ჭიათურელ მაღაროელებს შეხვდა და მათი პრობლების შესახებ მოისმინა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე მაღაროელებმა სამსახურიდან გათავისუფლების, შრომის პირობების დაცვისა და კომპენსაციის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს და სახალხო დამცველს პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შუამდგომლობა სთხოვეს.
თავის მხრივ, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა პრობლემის მასშტაბურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მანგანუმის მაღაროში იყო დასაქმებული, ათასობით ადამიანის უმუშევრად და საარსებო წყაროს გარეშე დატოვებით კიდევ უფრო გამწვავდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაც არღვევს ადამიანის შრომისა და ღირსეული ცხოვრების უფლებებს.
„შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ასევე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც ნედლეულის ღია წესით მოპოვების შედეგად ფაქტობრივად გამოუსწორებელი ზიანი ადგება.
სახალხო დამცველი მაღაროელებს დაჰპირდა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა მათი გასაჭირი გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიიტანოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.
„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.
მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და მათ დღემდე არ აქვთ აღებული ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჭიათურაში საპროტესტო აქციები.
მაღაროელების მოთხოვნებია:
- უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება;
- მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;
- შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
- მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
- ეკოლოგიური საკითხების მოგვარება.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.
განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები:
- მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
- მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
- შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
- ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.
მას შემდეგ, რაც მაღაროელებმა ჭიათურაში პროტესტი დაიწყეს, ისინი თბილისშიც ჩამოვიდნენ და რამდენიმე აქცია გამართეს, მათ შორის კანცელარიის შენობასთან და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პროცესებში სახელმწიფოს ჩართულობა.
ერთ-ერთი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთანაც გაიმართა, სადაც მათ მოითხოვეს 3 თვის ხელფასის ანაზღაურება და ჭიათურის საკითხზე „ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამმხრივ კომისიაში მათი წარმომადგენლის ჩართვა.
მაღაროელები აცხადებენ, რომ სამმხრივ კომისიაში ჩართული პროფკავშირები „ერთ-ერთი მონაწილეა იმ დანაშაულის, რაც წლების განმავლობაში ჭიათურაში ხდება“ და მათ მიმართ ნდობა არ აქვთ.
იქამდე „ქართული ოცნების” ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 28 მარტს ჭიათურის საკითხზე შექმნილი სამმხრივი კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, თუმცა არა მაღაროელები.
განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე მიიწვიეს კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლებიც, ხოლო „ჯგუფის მთავარ მიზანს წარმოადგენს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სოციალური უფლების რეალიზებასა და მის შემდგომ გაგრძელებაზე მუშაობაში პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერა“.