2024 წლის 12 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.
საქართველოს სახალხო დამცველმა პრობლემურად მიიჩნია არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ.
გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ერთდროულად მიღებაც ეკრძალებათ.
საქართველოს სახალხო დამცველმა მოცემული წინადადებით მოითხოვა – მთავრობამ განიხილოს შესაბამის დადგენილებებში იმგვარი ცვლილების შეტანის საკითხი, რომ ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად მიეცეთ შესაძლებლობა, ერთდროულად ისარგებლონ, როგორც სოციალური პაკეტით, ასევე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ამასთან, სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება არც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეეზღუდოთ.