სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 27 იანვარს, რა დროსაც გაესაუბრა როგორც მზია ამაღლობელს, ისე დაწესებულების სამედიცინო პერსონალს და გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას.
ომბუდსმენის ცნობით, იმ დროისთვის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მათ წარმომადგენლებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება, თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, მათთვის ასევე ცნობილია, რომ მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, „რომლის შედეგები აპარატს უკვე გამოთხოვილი აქვს. სამედიცინო მასალებს კვლავ გაეცნობა და შეაფასებს აპარატში დასაქმებული ექიმი ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს”.
ომბუდსმენი ასევე აცხადებს, რომ ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია).
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, მათთვის ასევე ცნობილია, რომ ადვოკატმა გამოითხოვა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, რაც ჯერ-ჯერობით არ მიუწოდებიათ. აპარატმა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს.
„აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს.
სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებენ აქტიურ მონიტორინგს მზია ამაღლობელის უფლებების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით; გაგრძელდება მასთან ვიზიტები და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში”. – აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს.
დღეს, 30 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.