საქართველოს სახალხო დამცველი ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის (IOI) მსოფლიოს მმართველი საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენი ავრცელებს.
მათი ცნობით, საბჭოში სახალხო დამცველის აპარატი ევროპის რეგიონის წარმომადგენელი იქნება. ომბუდსმენის განმარტებით, მსოფლიოს მმართველი საბჭო აკონტროლებს ორგანიზაციის საქმიანობას და იღებს გადაწყვეტილებებს მისი მომავალი აქტივობების თაობაზე.
„IOI-ს მმართველი საბჭოს წევრობა სახალხო დამცველისთვის დიდი პატივია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს სახალხო დამცველის საქმიანობის მნიშვნელობას და აღიარებს მის როლს საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე. საბჭოში საქართველოს სახალხო დამცველი ავსტრალიის, საბერძნეთის, სამხრეთ აფრიკის, კანადის, ახალი ზელანდიის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ კორეის და სხვა ომბუდსმენებთან ერთად არის წარმოდგენილი.
IOI დაარსდა 1978 წელს ავსტრიაში და ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომელიც 170-ზე მეტ ომბუდსმენის ინსტიტუტს აერთიანებს 100-ზე მეტი სახელმწიფოდან. IOI-ს მიზანია ომბუდსმენის ინსტიტუტების გაძლიერება მათი დაარსების ადვოკატირების, ინსტიტუტებს შორის ინფორმაციის გაცვლის, რეგიონული პროექტებისა და კვლევების დაფინანსების გზით“, – წერია განცხადებაში.
ომბუდსმენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაგებად ლინკსაც აზიარებს: https://www.theioi.org/