სახალხო დამცველი: საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში მოქალაქეთა, მათ შორის, უფლებადამცველთა წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების ფაქტებს.

„დღეს, 11 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ.

საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება. აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი, რათა ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე და საზოგადოებაში არ წახალისდეს მსგავსი ქმედებები.

სახალხო დამცველი აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან სამოქალაქო სექტორისა და უფლებადამცველთა წინააღმდეგ გაკეთებული მადისკრედიტებელი განცხადებები მათთვის კიდევ უფრო დამაშინებელ გარემოს ქმნის და ქვეყანაში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მათ წინააღმდეგ ძალადობის წახალისების არსებით საფრთხეებს შეიცავს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს – მოახდინონ მყისიერი რეაგირება მოქალაქეებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტებზე და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება“, – ნათქვამია განცხადებაში.