„მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა, მსჯავრდებულის საჩივრის გადამოწმება გამოძიების მიერ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა განხორციელდეს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ ვიდეოჩანაწერების გაცნობის შედეგების შესახებ ინფორმირებულია როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ადვოკატი.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.
2025 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით მიმართა გიორგი დავითაძის ადვოკატმა და აცნობა, რომ პატიმარი იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. იმავე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და გამოკითხა მსჯავრდებული.
პატიმარმა მიუთითა, რომ 2025 წლის 20-21 დეკემბერს N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დაარღვიეს მისი უფლებები, მათ შორის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა განხორციელდა.
სახალხო დამცველის აპარატმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა, პატიმრის მიერ მითითებული პერიოდის ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით, მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ვიდეოჩანაწერების გაცნობის შედეგების შესახებ ინფორმირებულია როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ადვოკატი.
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა, მსჯავრდებულის საჩივრის გადამოწმება გამოძიების მიერ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი დღემდე, სისტემატურად ახდენს პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს და მოუწოდებს პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში წარმოუდგინოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
*************************
გიორგი დავითაძე „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის შვილია. დავითაძის ოჯახი მედიასთან პირველად 21 სექტემბერს გამოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დავითაძეზე დეკემბრიდან მოყოლებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ.
მამა ამბობდა, რომ მისი შვილი 2025 წლის დეკემბერში დეესკალაციის ოთახში გაიყვანეს, სადაც 9 ბადრაგმა სცემა. გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია.
ოჯახი ამბობდა, რომ მომხდარზე ღიად საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიხვდნენ რომ გამოძიება არ მიმდინარეობდა. ოჯახი მე-6 პენიტენციური განყოფილების უფროსის შოთა ტრაპაიძეს პასუხისმგებლობაზე საუბრობდა.
21 სექტემბერს ოჯახი მე-6 განყოფილებიდან შვილის სხვა განყოფილებაში გადაყვანას და 2025 წლის დეკემბერში მომხდარი ძალადობის გამოძიებას მოითხოვდა.
21 სექტემბერსვე პენიტენციურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ გიორგი დავითაძე 2025 წლის 21 დეკემბერს ნამდვილად მოთავსდა დეესკალაციის ოთახში, თუმცა ღირსების შემლახავ ქმედებებზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
უწყების თქმით, მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდადებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.
TV პირველი სააპელაციო სასამართლოდან ავრცელებს პატიმარ გიორგი დავითაძის აუდიო ჩანაწერს, რომელშიც ის ამბობს, რომ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“.
ბრალდებულის თქმით, „დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს“.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს – თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს – 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში.
კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოუდგენიათ. კაცს ვუყვები გამაუპატიურეს-მეთქი კამერაში, სუიციდის მცდელობა მქონდა-მეთქი, თავს ხრის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. პირში მეუბნება, დააპაუზეთ კადრები, როგორ იძახის – რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა – „მოტ…ნულს”, “ქათამს”, “დღეიდან ნახმარი ხარ”, რომ მეძახიან”. სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ, რომ როგორია ისევ იმ ბადრაგებს უყურო, რომლებმაც გაგაუპატიურეს“, – ამბობს გიორგი დავითაძე.
პატიმრის ამ განცხადებას „კატეგორიულად უარყოფს“ და „დეზინფორმაციას“ უწოდებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.
პენიტენციურის მტკიცებით, „ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება“.