სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის ბრძანება გამოქვეყნდა

პუბლიკა

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანება გამოქვეყნდა.

წესის მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველი განცხადებას შეიტანს პარლამენტში.

განაცხადების მიღების შემდეგ, მათ განცხადებებს პირველ რიგში შეისწავლის 9 კაციანი კომისია, რომელიც თითოეულ განმცხადებელზე მოამზადებს დასკვნას და წარუდგენს პარლამენტს.

შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენაზე უფლებამოსილი სუბიექტები არჩევენ ერთ ან მეტ კანდიდატს პარლამენტისთვის წარსადგენად.

ახალი წესის მიხედვით, კანდიდატების განხილვა დაიწყება თუ დასახლებული კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება. სხვა შემთხვევაში პროცედურები თავიდან დაიწყება.

ვადები:

ბრძანების მიხედვით, 20 სექტემბრამდე პარლამენტის და სახალხო დამცველის ვებგვერდზე სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესის დაწყებაზე განცხადება განცხადება განთავსდება. განაცხადების მიღების ვადა 10 სამუშაო დღე იქნება. შეფასების ჯგუფმა კანდიდატთა შეფასება უნდა დაასრულოს 13 ოქტომბრამდე. უფლებამოსილმა სუბიექტებმა პარლამენტს კანდიდატები 21 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინონ. ახალი ომბუდსმენის არჩევა უნდა მოხდეს 7 დეკემბრამდე.

შეფასების ჯგუფი

კანდიდატთა შეფასების მიზნით ჩამოყალიბდება შეფასების სამუშაო ჯგუფი, ჯგუფის წევრები კანდიდატებს ოთხი კრიტერიუმის მიხედვით 0-დან 10 ქულამდე შეაფასებენ. შეფასება ზეპირი გასაუბრების გარეშე დოკუმენტების საფუძველზე მოხდება.

კრიტერიუმები:

ა) კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია;

ბ) მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;

გ) სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა);

დ) პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

კანდიდატთა შესახებ წარდგენილი შეფასებები და განმარტებები სრულად გამოქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.

შეფასების ჯგუფის ჩამოყალიბების პროცესი რაც შეეხება თავად შეფასების ჯგუფის ფორმირების პროცესს. კონკრეტულად ბრძანებაში არ წერია როგორ მოხდება ამ ჯგუფის ჩამოყალიბება. წერია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით უზრუნველყოფს შეფასების სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეების, ჩართულობით. შეფასების სამუშაო ჯგუფი შედგება 9 წევრისგან. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს კონსულტაციებს პარლამენტის უფლებამოსილ სუბიექტებთან .

კანდიდატურების წარდგენა:

პარლამენტის უფლებამოსილი სუბიექტები იმ პირთაგან, რომლებმაც მიმართეს საქართველოს პარლამენტს კანდიდატთა შეფასების პროცესში მონაწილეობისთვის, პარლამენტს წარუდგენენ ერთ ან ერთზე მეტ კანდიდატურას.

კანდიდატურებს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს წარუდგენს ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი.

რას შემთხვევაში არ დაიწყება კანდიდატების განხილვა?

ახალი წესის მიხედვით, კანდიდატების განხილვა დაიწყება თუ დასახლებული კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება. სხვა შემთხვევაში პროცედურები თავიდან დაიწყება.

ბრძანების ტექსტის მიხედვით, თუ კანდიდატთა შეფასების პროცესში არ მონაწილეობს იმდენი კანდიდატი, რომ უფლებამოსილ სუბიექტს დადგენილი რაოდენობის კანდიდატთა შერჩევის შესაძლებლობას მისცემს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაახანგრძლივოს განცხადების მიღებისთვის წინასწარ განსაზღვრული ვადა არაუმეტეს 10 კალენდარული დღით.

თუ გახანგრძლივებული ვადის განმავლობაშიც არ იქნება წარდგენილი იმ რაოდენობის განცხადებები, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილ სუბიექტს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი რაოდენობის კანდიდატთა შერჩევის შესაძლებლობას მისცემს, პროცედურები თავიდან დაიწყება.