სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფი სამედიცინო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც 35-ე დღეა შიმშილობს.
ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, გიორგი გვილიამ (გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, შინაგანი სნეულებები) და ელენე გიორგაძემ (ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია) მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ 7 თებერვალს მოინახულეს, ხოლო ექიმმა გიორგი ჯავრიშვილმა (ოფთალმოლოგი) ამაღლობელი 12 თებერვალს ინახულა.
გიორგი გვილიასა და ელენე გიორგაძის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგში წერია:
„კლინიკაში ყოფნის პერიოდში, 7 თებერვლის ჩათვლით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა ბაზისური სამედიცინო კვლევა და მისი მდგომარეობისა და გამოკვლევების შედეგების მიხედვით პრაქტიკულად სრულყოფილი სამედიცინო ჩარევა. ამ მხრივ, კლინიკის სამედიცინო პერსონალთან სამედიცინო კონსილიუმის წევრებს პრეტენზია და სერიოზული შენიშვნები არ გვაქვს.
შეიძლება ითქვას, რომ შიმშილობის 27-ე დღეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით ისეთი უკიდურესად მძიმე არ იყო, როგორიც ეს შესაძლებელია ყოფილიყო შიმშილობის ამ ვადაზე.
2025 წლის 7 თებერვლისთვის სხეულის მასის კლება არ აჭარბებდა საწყისი მასის 10%–ს. არ იყო შიმშილობის ე.წ. კეტოზის სტადია. ანალიზებით არ აღენიშნებოდა მძიმე ანემია და რკინის მძიმე დეფიციტი. არ იყო აციდოზის ლაბორატორიული მონაცემები. არ აღენიშნებოდა გლომერულური ფილტრაციის დაქვეითება, ნორმაში იყო კრეატინინის და შარდმჟავას დონე.
შრატის ცილა და ალბუმინი იყო ნორმის ქვედა ზღვართან, ასევე, არსებითად დარღვეული არ იყო გლიკემიური პროფილი, არ აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილება. ექოკარდიოსკოპული მონაცემები იყო ნორმის ფარგლებში (ჯერჯერობით არ აღენიშნებოდა მძიმე შიმშილობისთვის სახასიათო გულის ზომების შემცირება)“ — წერია მონიტორინგის შედეგებში.
ექიმები დასკვნაში წერენ, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობაში საყურადღებო იყო ბრადიკარდიისკენ მიდრეკილება. შედეგებში ვკითხულობთ, რომ მას არ ჰქონდა ჰიპოთერმია, არ უჩიოდა ქოშინს მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის და ლაპარაკის დროს, ასევე, არ აღნიშნავდა მხედველობის, სმენის და ყნოსვის დაქვეითება.
„საყურადღებო იყო ბრადიკარდიისკენ მიდრეკილება, გულის რიტმი სინუსური, ბრადიკარდიის ზღვარი, 60 დარტყმა წთ–ში. პაციენტს არ ჰქონდა ჰიპოთერმია, არ უჩიოდა ქოშინს მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის და ლაპარაკის დროს (საყურადღებო იყო მხოლოდ ზოგადი სისუსტე და შენელებული, მაგრამ სრულიად ადეკვატური მეტყველება).
არ აღნიშნავდა მხედველობის, სმენის და ყნოსვის დაქვეითებას. სითხეს (წყალი) იღებდა ადეკვატურად, პერორულად. წყლის ყლაპვის დროს არ აღნიშნავდა მძიმე ეზოფაგიტისთვის სახასიათო ტკივილის შეგრძნებას საყლაპავის გასწვრივ, მიუხედავად იმისა, რომ ეზოფაგოგასტროდუოდენოფიბროსკოპიით დადგენილი ჰქონდ რეფლუქს–ეზოფაგიტის დიაგნოზი LA-C ვარიანტი (დიდი ზომის შერწყმისკენ მიდრეკილი ღრმა ეროზიები საყლაპავის დისტალურ ნაწილში).
2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ნარჩუნდებოდა გლუკოზის ხსნარის ინფუზიით, ელექტროლიტური ბალანსი შენარჩუნებული იყო ელექტროლიტების სისტემატური ინფუზიით. ანემიას მკურნალობდნენ რკინის და B ჯგუფის ვიტამინების ინფუზიით ( B1; B2; B6 და B12). არ იყო გამოხატული რკინის და B12 ვიტამინის მძიმე დეფიციტი, მძიმე ანემია. B1 ვიტამინი ეძლეოდა ვერნიკეს შესაძლო ენცეფალოპათიის პროფილაქტიკისთვის (2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტს ამ სინდრომის სიმპტომები არ აღენიშნებოდა)“ — წერია განცხადებაში.
გიორგი გვილია და ელენე გიორგაძე მონიტორინგის შედეგებში წერენ, რომ მზია ამაღლობელი „პალატაში გადაადგილდებოდა თავისით, დახმარების გარეშე, თუმცა, მოძრაობდა ნელა. კიდურების მოძრაობა თავისუფალი, პალატაში გადაადგილდებოდა თავისით, დახმარების გარეშე, თუმცა, მოძრაობდა ნელა. არ უჩიოდა მუცლის ტკივილს, არ ჰქონდა გამოხატული გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომატიკა (ამისთვის დანიშნული ჰქონდა PPI და ანტაციდი)“.
ექიმების დასკვნით, 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ისინი განმარტავენ, რომ ასეთ დროს პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი მაღალია და კერძოდ, შესაძლებელია, შიმშილობის მეორე – კეტოზის და მესამე – ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა:
„ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე. ეს ყველაფერი დეტალურად ავუხსენით პაციენტს, ვურჩიეთ შეეწყვიტა შიმშილობა და დაეწყო კვება სპეციალური გაიდლაინის მიხედვით, ან თუ არ შეწყვეტდა შიმშილობას (რაც იყო კიდეც მისი გადაწყვეტილება), დაკვირვება და მკურნალობა გაგრძელებულიყო კლინიკის პირობებში“ — ამბობენ ექიმები.
ოფთალმოლოგმა გიორგი ჯავრიშვილმა ამაღლობელი 12 თებერვალს მოინახულა. მის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებში ვკითხულობთ, რომ მზია ამაღლობელს დაუდგინდა ორივე თვალის III ხარისხის კერატოკონუსი. ექიმის თქმით, ამაღლობელი აღნიშნავს მხედველობის დისკომფორტს და თვალების სიმშრალეს, რაც შეესაბამება შიმშილობის ფონზე ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.
„დადგინდა დიაგნოზი: ორივე თვალის III ხარისხის კერატოკონუსი. რამდენიმე წლის წინ მარცხენა თვალი ნაოპერაციევია კერატოკონუსის გამო – გაკეთდა რკალების იმპლანტაცია. ამჟამად, პაციენტი აღნიშნავს მხედველობის დისკომფორტს და თვალების სიმშრალეს, რაც შეესაბამება შიმშილობის ფონზე ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. მიმდინარეობს მშრალი თვალის სინდრომის კონსერვატიული მკურნალობა. სავსებით ვეთანხმები ჩემს კოლეგებს დიაგნოზსა და მედიკამენტოზური მკურნალობის ტაქტიკაში“ — წერია გიორგი ჯავრიშვილის მონიტორინგის შედეგებში.
დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 35-ე დღეა, შიმშილობს.
ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად.
მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.