საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატ მარიკა არევაძეს უსმენენ.
მას უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჰკითხა – დღევანდელი სახალხო დამცველი და ინსტიტუტი არის თუ არა „პოლიტიკისგან დაცლილი და რამდენად აქვს მას ხალხის ნდობა?“
ომბუდსმენობის კანდიდატმა მარიკა არევაძემ თქვა, რომ საჭიროა ინსტიტუტის მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლება.
„მე ჩემს სიტყვაშიც მოგახსენეთ და კიდევ გავიმეორებ, სახალხო დამცველის ინსტიტუციასთან მიმართებით საჭიროა ნდობის ამაღლება. უმჯობესია, რომ იყოს უფრო მაღალი ნდობა, ამ წუთას არ არის ნდობის ის ხარისხი, რომელიც შეიძლება იყოს. …არა, ნდობა არ აქვს, არ მითქვამს, ნუ ცდილობთ ინტერპრეტაციას. ვამბობ, რომ ნდობის ხარისხი არის ასამაღლებელი. ნდობა აქვს, თუმცა დიახ, არასაკმარისი“, – თქვა მარიკა არევაძემ.
ალუდა ღუდუშაურმა პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე კიდევ ერთხელ ჰკითხა, რაზეც ომბუდსმენობის კანდიდატმა თქვა: „პოლიტიკასთან მიმართებით [ომბუდსმენის] უფრო აპოლიტიკურობას ვისურვებდი”.
ამ საკითხთან დაკავშირებით მარიკა არევაძემ თავის გამოსვლაშიც ისაუბრა. მისი თქმით, რეკომენდაციებისა და წინადადების შესრულება/არ შესრულების სტატისტიკა მიუთითებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ არსებულ გამოწვევებზე.
„ამ გამოწვევების დასაძლევად კი საჭიროა:
- ნდობის ამაღლება – ყველას უნდა ჰქონდეს განცდა და მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი ყველას სახალხო დამცველია;
- თანამშრომლობის გაძლიერება – თუ არ მოხდება კონსტრუქციული თანამშრომლობა, გაგრძელდება მხოლოდ საუბარი უფლებების დარღვევების ფაქტებზე და არ მოხდება მისი აღდგენა;
- რეკომენდაციების შესრულების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის შემუშავება;
- ყველა უფლების მიმართ თანაბარი მუშაობა, რათა გაუმჯობესდეს როგორც საკანონმდებლო, ასევე ფაქტობრივი მდგომარეობა.
აქვე აღსანიშნავია, სახალხო დამცველისადმი მოქალაქეების მიმართვიანობის სტატისტიკა, საიდანაც ირკვევა, რომ წერილობით 6000-მდე მოქალაქემ მიმართა, ხოლო სატელეფონო კონსულტაციის ფარგლებში – 11 000-მდე მოქალაქემ. აღნიშნული სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანიების წარმოება, მოსახლეობის ინფორმირება, თუ როდის და რა შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველს”, – ამბობს მარიკა არევაძე.
დღეს კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატს ანა აბაშიძეს მოუსმინეს. დღესვე დაგეგმილია კიდევ ერთ კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძის მოსმენა.