სახალხო დამცველმა 20 მარტს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან (დაცულ ტერიტორიასთან) დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
2025 წლის ოქტომბერში, პირველ ინსტანციაში სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივების სარჩელი, რომლითაც ბალდის კანიონთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სადავო იყო.
სახალხო დამცველის ცნობით, საკითხის სპეციფიკიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ შეძლო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა, პირველად, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ დავაში სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინეს.
„ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან (დაცულ ტერიტორიასთან) დაკავშირებული საკითხები როგორც ახლანდელი, ასევე, მომავალი თაობების ინტერესების დაცვასა და ადამიანის უფლებების რეალიზაციას პირდაპირ უკავშირდება. ამდენად, სასამართლოს მეგობრის წარდგენის მიზანია დაცული ტერიტორიების როლისა და მნიშვნელობის, საერთაშორისო მიდგომების, პრინციპებისა და გარანტიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
დოკუმენტში გაანალიზებული თანამედროვე მიდგომები ცხადყოფს, რომ დაცულ ტერიტორიებს გაზრდილი მნიშვნელობა აქვთ არაერთი მიმართულებით. მათ შორის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გამოწვევების დაძლევისა და ადგილობრივ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. ხოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ღიაობა, გამჭვირვალობა და უწყებების ანგარიშვალდებულება დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ხედვებისა და კარგი მმართველობის პრინციპების განუყოფელი ნაწილია. ადგილობრივი გარემოებების, ტრადიციების, ცოდნის სისტემების გათვალისწინება შეუძლებელია ინკლუზიური დიალოგისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის გარეშე. მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები კი ვერ პასუხობს უფლებრივ სტანდარტებს“, – აცხადებს ომბუდსმენი.