სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსის, პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (ამიკუსი) წარუდგინა.
სახალხო დამცველი წერს, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა.
ომბუდსმენის შეფასებით, ბუნდოვანია, რა კონკრეტული ქმედება ჩაიდინა ბრალდებულმა, რის გამოც მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება წარედგინა ბრალად.
„ის, ისევე, როგორც სხვა რამდენიმე ბრალდებული, დასახელებული იყო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორად. საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს; ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი“, – წერს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ დოკუმენტში მიმოხილულია კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული კანონიერების პრინციპის შინაარსი, ასევე, სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების/ხელმძღვანელობის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრებები.
„ხაზგასმულია თანაამსრულებლობისას ერთობლივი გეგმის და საერთო მიზნის (შეთანხმების კონკრეტული დროის, მონაწილე პირების დადგენით) აუცილებლობა; პირდაპირი განზრახვით ქმედების შემადგენლობის ერთობლივ განხორციელებასა (როლების ფუნქციონალური განაწილებით) და ქმედებაში თითოეული წევრის როლისა და ფუნქციის დადგენა. აღნიშნული საკითხების გარკვევის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას კანონი გამორიცხავს.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მოსაზრებაში მოყვანილი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეხმარება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე ჯეროვანი მსჯელობა და დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა, უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე“, – აცხადებს ომბუდსმენი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გვიან ღამით, სახლში დააკავეს.
ის აქციის დაწყებამდე გამოჩნდა ვიდეოში, რომელშიც პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ის, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები არიან.
ამ ვიდეოსთან დაკავშირებით სასამართლოზე ისაუბრა პაატა მანჯგალაძემ.
„…მაგ დღეს ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, ყველა იქ იყო მისული და იქ ჯობდა, მივსულიყავი, შემთხვევით რომ არ ვყოფილიყავი [მისული], არც მოვხვდებოდი მაგ ვიდეოში.
იურისტი ვარ და კარგად ვერკვევი, წინასწარი ორგანიზებისთვის ხომ უნდა იყოს ყველაფერი, წინასწარ შეთანხმებული ხომ უნდა ვყოფილიყავით, გადაწყვეტილება ხომ უნდა მიგვეღო ან მანამდე ან შემდეგ, რაც ეს ვიდეო ჩავწერეთ – ასეთი რამე არ ყოფილა… თავიდან სურათის გადაღებაზე იყო ლაპარაკი, ფოიეში ვიდექი და მკითხეს, სურათის გადაღებისთვის თუ ვიყავი მზად. მერე თქვეს, ეს სურათი არაფერს არ გვაძლევსო და რამე ვიდეო ჩავწეროთო და რაღაცა ვთქვათო. ეს იყო და არაფერი სხვა.
ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, რომ ამ ვიდეოზე მითქვამს, რომ ეს პერფორმანსი არ არის უწყინარი და შეიძლება, ამ მთავრობის და გამოძიების პირობებში ეს გამოყენებული იყოს ჩვენს საწინააღმდეგოდ, ესეც მითქვამს, რომ ეს არ არის ხუმრობა. ამის იქით შინაარსი ამ ვიდეოს არ გააჩნია. არანაირი ორგანიზება, წინასწარი განზრახვა, როლების განაწილება, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. იმ დღეს ყველა შეხვედრაზე ვამბობ, რომ არანაირი ორგანიზატორი მე არ ვარ… ყველგან ვამბობ, რომ მე არ ვარ ორგანიზატორი.
ახლა გამოდის, რომ ამ უბრალო, უწყინარი პერფორმანსის გამო, არც კი ვიცოდი, თუ დაიდებოდა საჯარო სივრცეში და უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩამწერეს, ვიდეო მაქვს გადაღებული, არ ვიცოდი, ვერ წარმომედგინა… არანაირ წინააღმდეგობაზე, არანაირ რამის დაგეგმვაზე, დამხობაზე, მით უმეტეს, 14 წლის ბავშვთან ერთად ვიყავი აქციაზე. ვერ იპოვით ერთ ადამიანს ვინც იტყვის, რომ რაიმე შეკრება, სადაც გაიგებდა ამ ხალხის და ჩემი მონაწილეობით რამეს, ესაა აბსურდი. ნებისმიერ ადამიანს ასეთი სტანდარტით გამოაცხადებთ დამნაშავედ, მით უმეტეს, არავინ დაცული არაა“, – თქვა მანჯგალაძემ.