სახდეპი: ვინც ფარცხალაძესთან ახორციელებს ტრანზაქციებს, თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში აცხადებს, რომ სამწუხაროა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება.

„დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ.

საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა არის საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია.

14 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფ-ეს-ბე“-სთან [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია სახდეპის წერილში.


ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა. ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მას აღუდგება წვდომა საბანკო სერვისებზე.