აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში გამოაქვეყნა – ის მოიცავს ინფორმაციას საქართველოს შესახებაც. ანგარიშში საუბარია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და მითითებულია გასული წლის მარტში მიმდინარე პროტესტების შესახებ.
„იყო ხალხმრავალი სახალხო პროტესტები იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობისთვის. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას და გასცა რეკომენდაცია 9 მიმართულებით პროგრესის შესახებ, რაც მოიცავს დემოკრატიულ არჩევნებს, სასამართლო რეფორმებს, ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას”.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა საკითხებზე ცნობები მოიცავს სანდო ინფორმაციას სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ; მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, მათ შორის ძალადობასა და მუქარას ჟურნალისტების წინააღმდეგ, ჩარევას შეკრების თავისუფლებაში; ასევე, სერიოზულ კორუფციას მთავრობის დონეზე და მუქარებს/ძალადობას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი ადამიანების წინააღმდეგ.
ამასთან, საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, მათ შორის, ცნობებზე მკვლელობების, უკანონო დაკავებების, გადაადგილების შეზღუდვის შესახებ.
გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ქვეთავში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები, NGO-ები თუ საერთაშორისო საზოგადოების წევრები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდნენ გამოხატვის თავისუფლების შესახებ მთავრობის დამოკიდებულებაზე – კერძოდ, ეს შეშფოთება ძირითადად მიმართული იყო ოპოზიციური ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაპატიმრებაზე, რამაც გააუარესა მედია პლურალიზმის გარემო. ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ ეს შეშფოთება მიმართული იყო შარშან გაწვეული რუსული კანონის მიმართაც, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მედია ორგანიზაციებს.
აქვე განხილულია თებერვალში შალვა პაპუაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიების აკრედიტაციის შესახებ და ნათქვამია, რომ მედია ორგანიზაციები მას აკრიტიკებდნენ და აფასებდნენ, როგორც არა ინკლუზიურსა და გაუგებარს.
„მედიის ადვოკატირების კოალიციამ განაცხადა, რომ გარკვეულ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების აკრედიტაციები შეაჩერა. საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ კი მიუთითა, რომ პრობლემური იყო ფაქტი, რომ მხოლოდ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლები ხვდებოდნენ ახალი შეზღუდვების ქვეშ”.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია თავდასხმებსა და მუქარებზე ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც მათი მითითებით, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაგალითებად მოყვანილია თავდასხმები ჟურნალისტებზე სხვადასხვა დროს, მათ შორის განხილულია 27 ივნისს მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმა. ასევე, საუბარია მარტის აქციების დროს ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ გამოყენებულ ცრემლსადენ გაზზე, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე პოლიციელების მხრიდან.
ანგარიშში მოყვანილია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება გელა მთივლიშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე და ნათქვამია, რომ ის იყო კრიტიკის სამიზნე მმართველი პარტიის მხრიდან მის მიერ შოვის ტრაგედიის შესახებ მომზადებული მასალის გამო.
რაც შეეხება სასამართლოს შესახებ ქვეთავს, აქ საუბარია, რომ მთავრობა არ სცემდა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში. ამასთან, მოსამართლეები დაუცველი იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის მიმართ იმ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ ობიექტებს ან პიროვნებებს ეხებოდა.
ამასთან, აქ განხილულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფს „კლანს” უწოდებენ და მიუთითებენ სასამართლო დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ნაკლებობაზე.