ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა.
მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა. ბრალდების მხარე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე აპელირებს.
ადვოკატები მზიას გათავისუფლებას ითხოვენ.
დღეს მათ განაცხადეს, აღკვეთის ღონისძიების მიზნებისთვის პატიმრობა აუცილებელი არ არის. მათ ხაზი გაუსვეს მზია ამაღლობელის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას და აღნიშნეს, რომ მზია ქართული მართლმსაჯულების ტყვეა.
ნინო სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა – მისი თქმით, მზია ამაღლობელის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე დღესაც ძალაშია.
დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელმა თავადაც მიმართა და უთხრა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოიქცეს ისე, როგორც სამართლიანობა მოითხოვს და როგორც მას სინდისი უკარნახებს.
„სიმართლე გითხრათ, უფრო განაჩენის მოლოდინში ვართ. ალბათ მათე დევიძეს რამდენიც მიუსაჯეს, იმაზე მეტს მომისჯიან. იმიტომ კი არა, რომ ვიმსახურებ. იმიტომ, რომ დღეს ასეთი ზეწოლის ქვეშ ხართ და არა მგონია, რომ თქვენ მოსამართლეობა იმისთვის გინდოდათ, რომ რეჟიმის და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ. მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ”. – თქვა მზია ამაღლობელმა.
მანამდე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ის მზიას დაპატიმრების შემდეგ გაუარესებულია.
მაია მწარიაშვილმა აქცენტი მხედველობაზე გააკეთა.
ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეზს არ სცდება. მარჯვენა თვალში მხედველობამ 30%-დან 10%-მდე დაიკლო.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე შემდეგი პროცესი 4 ივლისს, 13:00 საათზეა დანიშნული.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. პოლიციელები, რომლებიც მზიას დაკავების შემდეგ გამოიკითხნენ, ამბობენ, რომ დგებუაძეს შედეგად მარჯვენა ლოყა და ყური გაუწითლდა.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.
მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.