სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილი კრიმინალი პრეზიდენტია და უნდა დაემატოს - კობახიძე

პუბლიკა

„ამ სახელმძღვანელოს ნამდვილად აკლია მითითება, რომ სააკაშვილის პირობებში  ჩამოყალიბდა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, რომლის შედეგიც იყო ადამიანის უფლებათა სისტემური ხელყოფა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი სახელმძღვანელოში არის შესატანი,” – ამბობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების მიზნით საქართველოში 3 მილიარდი ლარი აქვს დახარჯული.

„საქმე გვაქვს მარტივი ფაქტების კონსტატაციასთან, რაც არის ლაკონურად და მოკრძალებულად ციტირებული. ამ სახელმძღვანელოს ნამდვილად აკლია მითითება, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, 9 წლის განმავლობაში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ასევე აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი, რომლის დანაშაულიც აღიარებული იქნება ქართული მართლმსაჯულების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ჩანაწერები სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა დაემატოს, ეს იქნება ფაქტების კონსტატაცია, “ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენონ, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს.


გუშინ განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეების ნაწილის პროტესტი და კრიტიკა გამოიწვია საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელომ. აქციის მონაწილეები სასწავლო პროგრამიდან აღნიშნული სახელმძღვანელოს სწავლებიდან ამოღებას მოითხოვენ, რადგან, მათი შეფასებით, სახელმძღვანელოში 2012 წლის მოვლენები პროპაგანდისტულადაა აღწერილი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში, ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად.