სახელმწიფო აღიარებულია, როგორც ამ ომის მსხვერპლი. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევაა - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის იმიტომ, რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

„დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც მე ვხვდები ბრიუსელიდან. აქ ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დღეს სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევით არაფერი არ ხდება, ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის მერე, 30 წლის მერე, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ გავიდა 12 წელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაში ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული.

სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის იმიტომ, რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რამეთუ ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით ამ გამარჯვებისა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

კერძოდ:

► სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

► სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

► სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

► სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის.