სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორ გიორგი (გოგი) ალექსიძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს მიმართავს.
„ვწუხვარ, რომ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, მიწევს ხელახალი საჯარო მიმართვის გაჟღერება, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უაღრესად რთულ მომენტში, ღრმა კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, აგრეთვე ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე, თავს ვალდებულად ვთვლი მოგმართოთ ამ განცხადებით.
მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არაერთი მოთხოვნისა, ამ მომენტამდე ვერ მოხერხდა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ქვეყანაში დაპირისპირების ესკალაციის შეჩერება. საქართველოში რუსეთის მიერ ჩანერგილი, მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ არაღიარებული და არჩევნების გაყალბების გზით, ხელისუფლების მიმტაცებელი პარტიული ჯგუფი, ყველა ხერხით ცდილობს ილუზორული ლეგიტიმაციის მოპოვებას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე. ხვალ, 2024 წლის 14 დეკემბერს, პარტიული და მორჩილი პრეზიდენტის დანიშვნა სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი გახლავთ. ეს უდაოდ გაამწვავებს მიმდინარე პროცესებს, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას და მის მოსახლეობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა გავამახვილო ყურადღება საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალის უსაფრთხოების საკითხზე. დღეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თავისუფლების ბოლო ფორპოსტი. მმართველი ძალა მის მიმართ დიდი ხანია ამჟღავნებს დაუფარავ აგრესიას, მეტიც, ღიად ემუქრება მას. ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე დღის წინ, წინასწარ, ზარზეიმით დაანონსდა მისთვის პირადი დაცვის მოხსნა.
ამ ვითარებაში, ყველა ჩვენთაგანის მორალური და მოქალაქეობრივი ვალია, დავიცვათ ჩვენი პრეზიდენტი ყველა არსებული ლეგიტიმური საშუალებით და მეთოდებით, რათა არ მივცეთ მავანს შესაძლებლობა შეურაცხყოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უკანასკნელი ინსტიტუცია, გარანტი და სიმბოლო.
2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ომის დროს, მეგობარი ქვეყნების პირველი პირების და მათი მაღალი რანგის წარმომადგენლების სტუმრობამ, რუსეთს არა ერთი აგრესიული გეგმა ჩაუშალა და თბილისის აეროპორტი დაბომბვას გადაარჩინა. დიდი მადლობა მათ ამისთვის! მეთოდი გამოცდილია, უაღრესად ღირსეული, მშვიდობიანი და ეფექტური.
მივმართავ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ბრიტანეთის ელჩს, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ელჩებს და საქართველოში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს: დღეს, პირადად თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა მსგავსი მეთოდებით დაიცვათ საქართველოს დემოკრატია და თავისუფლება, დაიცვათ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც თქვენი აქტიური თანადგომა ახლა უდაოდ სჭირდება. სჭირდება არა მარტო მას, არამედ ყველა ჩვენთაგანს. მართალია, სანქცია ძალზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი და სასურველი ბერკეტია, მაგრამ ის არის პასიური ღონისძიება და ინერტულია ზემოქმედების შედეგების თვალსაზრისით. ჩვენ ამდენი დრო აღარ დაგვრჩა!
სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქართველი ხალხის არაერთგზის მიმართვისა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ეფექტურად ვერ დაგვიჭირა მხარი ქვეყანაში განვითარებული სახიფათო პროცესების დროულად შეჩერებაში. პატივცემულო ელჩებო, დარწმუნებლი ვარ რომ ახლა, საშობაო არდადაგების პერიოდის მიუხედავად, თქვენ გაგაჩნიათ რეალური შესაძლებლობა დაიცვათ ჩვენი პრეზიდენტი და ამით უდიდესი ისტორიული წვლილი შეიტანოთ დემოკრატიული საქართველოს გადარჩენის პროცესში”.