„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წამომადეგენელმა ნედ პრაისმა განცხადება გაავრცელა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმადაა შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, გამოიყენონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი მოქმედება ან რიტორიკა, რომელსაც დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობის გამოწვევა შეუძლია.
„ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საკუთარი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თანმიმდევრულად და გაამყაროს საკუთარი პირობა დემოკრატიული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი სასამართლო და პროკურატურის სისტემა პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალია.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და [ეკონომიკურად] განვითარებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მუშაობას კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“, – ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თარგმანი „ამერიკის ხმას“ ეკუთვნის.
გუშინ, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
გუშინვე პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინეს.
ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.