სახელმწიფო ენის დღე ავტორიტარული რეჟიმის პირობებშია მოპოვებული - ღარიბაშვილი

პუბლიკა

“ჩვენი ერისათვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი – ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ხალხის მიერ მოპოვებული სახელმწიფო ენის დღე”. – ამ განცხადებას მთავრობის სახელით პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს.

„ჩვენმა გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს, არამედ სხვა რესპუბლიკების ენებსაც შეუნარჩუნა სახელმწიფო სტატუსი.

წელს სახელმწიფო ენის დღეს განსხვავებულად აღვნიშნავთ. საქართველოს მთავრობის დამტკიცებული სახელმწიფო ენის ათწლიანი პროგრამით ჩამოყალიბდა სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ახალი მიზნები და ის პირობები, რომლებიც ამ ამოცანის მისაღწევად იქმნება. ათწლიანი სტრატეგია ხელს შეუწყობს როგორც ქართული და აფხაზური ენების კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების უკეთ შესრულებას, ისე ქართველური ენების დაცვას, კვლევასა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებას.

თითოეული ჩვენგანის ვალია განსაკუთრებული პატივისცემით მოვეპყრათ ენას და შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს ეს ჭეშმარიტი საგანძური”. – ნათქვამია განცხადებაში.