სახელმწიფო ინსპექტორი გვარამიას ნომრის გასაჯაროების კანონიერებას შეისწავლის

პუბლიკა

დღეს თეა წულუკიანმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი საჯაროდ ჩააწერინა.

ამ საკითხზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ შეისწავლის, შეესაბამება თუ არა კანონს ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება.

„მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის, იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება კანონს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პირი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მონაცემთა ფართო წრისთვის გასაჯაროებას ეხება“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

უწყება აღნიშნავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, გასაჯაროების საკითხებს. აღნიშნული კანონი, რომლის მიზანი ადამიანის პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვაა, ამომწურავად ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, როდესაც დასაშვებია პერსონალური მონაცემების გასაჯაროება.


„ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ.

მეც მინდა, თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ: 577 XX XX XX და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც იცოდეს. ჩაინიშნეთ?  – 577 XX XX XX.

ოღონდ, ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში.

თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? კარგი, ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – მიმართა დღეს თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს.