სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „მწვანე სკოლაში“ შედის და როგორც „პუბლიკას“ სამსახურში უთხრეს, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას გეგმავს.
უწყებაში ამბობენ, რომ ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები დღეიდან დაიწყებენ სკოლაში მუშაობას.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.
სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.