სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლექსო ლაშქარავას საქმეზე შსს 2000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად აფასებს და ადმინისტრაციული სახდელის სახით შსს-ს შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

მათი თქმით, შსს-ს მიერ 2021 წლის 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.

„კერძოდ, სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ გამართული ბრიფინგების მიზანს წარმოადგენდა ლექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

თუმცა, 2021 წლის 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენელმა არ/ვერ დაასახელა ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი და აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები.

აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრომ ბრიფინგებზე გაასაჯაროვა ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, შესაბამისი კომენტარებით, თუმცა საზოგადოებას არ მიაწოდა ინფორმაცია მათი გასაჯაროების მიზნებისა და მიმდინარე გამოძიებასთან ვიდეოჩანაწერების მიზეზობრივი კავშირის შესახებ.

უფრო მეტიც, სამინისტრომ თავი შეიკავა გამოძიების კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისაგან (იმ მოტივით, რომ მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო დასკვნის შემდგომ იქნებოდა შესაძლებელი პირის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის დადგენა), საზოგადოებას მოუწოდა გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერებიდან არ გამოეტანათ ნაადრევი დასკვნები და დალოდებოდნენ გამოძიების შედეგებს“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, სამინისტროს მიერ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება შეფასდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევად.

ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

წაიკითხეთ განცხადება სრულად: