სახელმწიფო კონსტრუქციული დიალოგის სივრცეს არ ტოვებს - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მათი თქმით, რკინის კონსტრუქციების აღმართვით კიდევ უფრო შემცირდა ის ტერიტორია, რომელშიც „ხეობის მცველებს“ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ.

„ბოლო დღეებში რიონის ხეობაში დაწესებულ მკაცრ საპოლიციო კონტროლს და გადაადგილების თავისუფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას, დღეს პოლიციის მიერ რკინის ბარიკადების აღმართვაც დაემატა. აღსანიშნავია, რომ რკინის კონსტრუქციების მდებარეობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო შემცირდა ის ტერიტორია, სადაც რიონის „ხეობის მცველებს“ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ. გარდა ამისა, გუშინ, 13 აპრილს საპროტესტო აქციის მსვლელობისას პოლიციამ გამოიყენა იძულების ღონისძიებები, დაკავებულია 6 პირი“, – ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება თავად უწყობს ხელს პროცესის ესკალაციას და დიალოგის სივრცეს არ ტოვებს.

„გუშინდელი მოვლენები ნამახვანი ჰესის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების პირველი შემთხვევა არ ყოფილა; ხელისუფლება, ერთი მხრივ, ოფიციალურ განცხადებებში დიალოგზე მზადყოფნას აცხადებს, ხოლო, მეორე მხრივ, ხეობაში მრავალრიცხოვანი საპოლიციო ძალის მობილიზებით, დაუსაბუთებელი შეზღუდვების დაწესებით და ადგილობრივების უფლებების უხეში დარღვევით, თავად უწყობს ხელს პროცესის ესკალაციას და საგნობრივი, კონსტრუქციული დიალოგის სივრცეს არ ტოვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ რკინის ბარიკადების აღმართვის აუცილებლობა დაუსაბუთებელია და ამდენად პოლიციის მხრიდან ამ ზომის გამოყენება უსაფუძვლოა.

„სახელმწიფო თავისი ხისტი, რეპრესიული და ძალადობრივი პოლიტიკით კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების, გამოხატვის, თავისუფალი მიმოსვლისა და გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.